აქციები, საპარლამენტო და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება მოიტანს მეტ მხარდაჭერას – ბოიკოტს ამ ეტაპზე არ განვიხილავ.
აქციები, საპარლამენტო და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება მოიტანს მეტ მხარდაჭერას – ბოიკოტს ამ ეტაპზე არ განვიხილავ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ”ევროპული საქართველოს” 10- პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მზად არის ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან იმსჯელოს, თუმცა, უნდა იცოდეს, რა შედეგი მოაქვს თითოეულ ნაბიჯს, რომლის გადადგმის საჭიროებაზეც საუბრობენ.
“პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში არის და არსად წასულა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციამ, ეს შეიძლება იყოს მსჯელობის საგანი, მე არაფერს გამოვრიცხავ “სტრატეგია აღმაშენებლის” მხრიდან. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ რა მოსდევს თითოეულ ნაბიჯს, რომ ისე არ მოხდეს, რომ ნაბიჯი გადავდგი და მეორე დღეს ხელში არანაირი ბერკეტი არ გვაქვს. იმისთვის, რომ საზოგადოებაში გაცილებით მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ, მუშაობის უფრო ფართო ფრონტი გვჭირდება, სხვა შემთხვევაში “ოცნების” ელექტორალური ბაზისი არ შემცირდება და ოპოზიციის არ გაიზრდება.
“სტრატეგია აღმაშენებელს” ვერც ერთ შემთხვევაში ვერავინ დააბრალებს არათანმიმდევრულობას, ჩვენ მივყვებით გეგმაზომიერად და ჩვენი სტრატეგიის შესაბამისად. ჩვენ ჩვენი გეგმა წარდგენილი გვაქვს, რომელიც არის 7- პუნქტიანი, მათი არის 10- პუნქტიანი, მზად ვარ ვიმსჯელო ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან, მაგრამ ნაბიჯები უნდა გადაიდგას შედეგისთვის და არა იმიტომ, რომ ჰაერში დავრჩეთ და არაფერი აღარ იყოს. აქციებიც, საპარლამენტო და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება მოიტანს მეტ მხარდაჭერას. ბოიკოტს ამ ეტაპზე არ განვიხილავ, ბოიკოტი არის ჩვენი მექანიზმი, რომელიც გვიჭირავს ხელში, თუ ამას საჭიროდ ჩავთვლით, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ვართ თანმიმდევრულები, ერთ დღეს ბოიკოტში და მეორე დღეს ბოიკოტიდან გასული “სტრატეგია აღმაშენებელი” არავის უნახავს” – განაცხადა ვაშაძემ.
დღეს “ევროპულმა საქართველომ” ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის 10- პუნქტიანი გეგმა წარადგინა. გეგმის თანახმად, ოპტიმალურ გამოსავლად ვადამდელი არჩევნების მიღწევაა დასახული, ამავე გეგმის მიხედვით, თუ წლის ბოლომდე “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მიიღებს, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს.
წყარო: ptn.ge