აშშ-ში რუსეთის ელჩი – 30 იანვრისთვის 27 რუსი დიპლომატი აშშ-ს დატოვებს

27 რუსი დიპლომატი და მათი ოჯახის წევრები 2022 წლის 30 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებს იძულებით დატოვებენ და იმავე რაოდენობის რუსი დიპლომატიური პერსონალი დატოვებს ქვეყანას 30 ივნისსაც – ინფორმაციას რუსული მედია აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანტონოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსი დიპლომატებისთვის აშშ-ში ვიზების პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია.

,,ჩვენ გვაქვს სერიოზული კადრების დეფიციტი. რამდენიმე ჩვენი თანამემამულე დიპლომატის მეუღლეს წაართვეს აკრედიტაცია. ბავშვებს ვიზაზე უარი უთხრეს. არ მესმის, რისკენ არის მიმართული რუსი დიპლომატების ოჯახებთან დაშორების პოლიტიკა “, – აღნიშნა ანატოლი ანტონოვმა.

აშშ-ში რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ შეუცვლია თავისი ნეგატიური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ და აგრძელებს მის მოწინააღმდეგედ აღქმას. მისი თქმით, ვაშინგტონს არ შეუცვლია ანტიმოსკოვური სანქციების პოლიტიკა.

რუსეთის ელჩმა აღნიშნა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები ცდილობენ რუს კოლეგებთან მხოლოდ აშშ-სთვის საინტერესო საკითხებზე მოლაპარაკებას და ორმხრივი კონტაქტისას განხილვის ერთადერთი თემა – რუსეთის ფედერაციის მიერ დასავლეთის საზღვართან გატარებული აგრესიული პოლიტიკაა.