საქართველო ევროპული ქვეყანა არ გახლავთ.
ესაა ჭორი, გეოგრაფიული აბსურდი, ისტორიული ოქსიუმორონი და პოლიტიკური სურვილი გაასაღო მოგონილი რეალობად.
რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს არა აქვს კავშირი ევროპულ კულტურასთან, მაგრამ ფესვები, ფესვები…
ეს ტყუილი განზრახ იყო “შეკერილი” მეოცე საუკუნის დასაწყისში, შემდგომ გადარჩა ემიგრაციაში და ისევ დაგვიბრუნდა 80-იან წლებში (გვახსოვს, თუ რა გზებითა და დაპირებებით). შემდეგ მან იხარა ბნელ 90-იანებში და მასობრივი მხარდაჭერა მიიღო უკვე მიმდინარე საუკუნეში (ხუთჯვრიანი “პარტიული” დროშა, “ვარდების რევოლუცია”, ნაც-პროპაგანდა ყველა ტელეარხზე, “დასავლური” ორიენტაცია, სახელისუფლო მარიონეტობის ისეთი დონე, რომელიც კრემლის მბრძანებელთა დროსაც კი არ შეიმჩნეოდა ჩვენში, მარაზმი და განუკითხაობა ყველგან და ყველაფერში…). თუმცა, ყველაფერი ეს ხელოვნური და დროებითი აღმოჩნდა. სინამდვილეში კი ქართველი ხალხი და მისი რეალური ინტერესები დღესაც ეწირება საკუთარი ფსევდოელიტის ეგოისტურ ავანტიურიზმსა და მის ფსიქოპათოლოგიურ წარმოდგენებს. მარტო ამერიკული თუ ნატოს (ეს ერთი და იგივეა) სამხედრო ბაზებიღა გვაკლია აქ სრული ბედნიერებისთვის.
მაგრამ ტყუილი – მაშინაც კი თუ მას ხშირ-ხშირად იმეორებენ, – სიმართლედ მაინც ვერ იქცევა, გამორიცხულია. ჭეშმარიტება მაინც იპოვის მომენტს და გამოყოფს კუდს… ჩემი თუ არ გჯერათ, ჰებელსს კითხეთ – მას ღრმად სწამდა რომ სამყარო პირიქითაა მოწყობილი და ძალზე ცუდად დაასრულა მოღვაწეობაცა და ცხოვრებაც.
ყოველივე ამის ფსიქოლოგიური საფუძველი მარტივად და მოკლედ ასე შეიძლება განისაზღვროს: მუდმივი “ეროვნული” ზე-მისწრაფება იცხოვრო უკეთ, ვიდრე გეკუთვნის – თან ნებისმიერ ფასად (თუნდაც, ღალატის), სწრაფად მიიღო სარგებელი (ამასაც ყოველდღიურად ვხედავდით ადრე 90-იანებიდან მოყოლილი და ამ მხრივ ბევრი “ექსკლიუზივი” გვაქვს მოპოვებული) და მერე ამით “იმარიაჟო” სხვათა ჯინაზე. ამიტომაცაა, რომ მუდმივ აბსურდში გვიწევს ცხოვრება.
ცოტაც მოვითმინოთ, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს “უზენაეს პრელატად” ვაკურთხოთ, მიშა ციხიდან გამოვიყვანოთ და ჯერ საქართველოს, მერე კი უკრაინის პრეზიდენტად ვიხილოთ – და მერე ნახეთ ლხინი და ევროპული ცხოვრება!
და ვაკაკუნოთ და ვაკაკუნოთ “ნატოს” კარზე… გაუთავებლად.
გ.ლ.