რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა სინანული გამოთქვა, რომ საქართველომ უარი განაცხადა რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმის „3+3″ (აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთი + რუსეთი-ირანი-თურქეთი) საწესდებო შეხვედრაში მონაწილეობაზე, იუწყება РИА Новости.
პოლიტიკოსმა განცხადება რუსეთში შვეიცარიის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან კრისტინა მარტი ლანგთან შეხვედრის დროს გააკეთა.
„სამწუხაროა თბილისის უარი რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმის „3+3″ საწესდებო შეხვედრაში მონაწილეობაზე. ამასთან, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ყველა პრობლემური საკითხი და მოვძებნოთ გამაერთიანებელი თემები, საერთო ინტერესები ეკონომიკაში, ჰუმანიტარულ სფეროში, მიუხედავად არსებული წინააღმდეგობისა”, – აღნიშნა კარასინმა.
მან კმაყოფილებით აღნიშნა აქტიური ურთიერთობები შვეიცარიის წარმომადგენლებთან საერთაშორისო არენაზე და შვეიცარიელი პარტნიორების, როგორც შუამავლების ძალისხმევა რუსეთის ინტერესების საქართველოში და საქართველოს ინტერესების რუსეთში გატარების საკითხებში.
მოლაპარაკებების დროს კიდევ ერთხელ აღინიშნა ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით.
კრისტინა მარტი ლანგმა, თავის მხრივ, ისაუბრა თბილისში ამა წლის ნოემბერში თავისი ვიზიტის შედეგებზე.
უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ განიხილეს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, საქართველოსთან და თურქეთთან მოლაპარაკებების ფორმატის „3+3″ ინიციატივა რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების გახსნის საკითხზე.
რუსეთი ამ მექანიზმს განიხილავს, როგორც ძალზე მნიშვნელოვან, პერსპექტიულ ფორმატს, სადაც შესაძლებელი იქნება უსაფრთხოების რეგიონული პრობლემების განხილვა რეგიონის სახელმწიფოების მონაწილეობით.
ლავროვმა უფრო ადრე აღნიშნა, რომ ირანს ამ ინიციატივის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, ისევე, როგორც თურქეთსა და აზერბაიჯანს. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ასეთი მექანიზმის შექმნით დაინტერესდება.
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik.