ჩვენი ოპოზიცია ვერ გამოვიდა თინეიჯერული ასაკიდან – პაპუაშვილი

ოპოზიცია ვერ გამოსულა თინეიჯერული ასაკიდან, განმეორებით ითხოვენ ერთი და იგივე რამეს – არჩევნებს, რომელსაც აგებენ და მერე ისევ არჩევნებს ითხოვენ.

საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება სრული თანხმობა პოლიტიკურ ძალებს შორის და ეს სრული თანხმობის პროცესი ოპოზიციას სურს გამოიყენოს დესტაბილიზაციისთვის და არეულობისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნები მოითხოვონ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია თინეიჯერი ბავშვივით იქცევა, როცა მუდმივად ერთსა და იმავეს – რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს.

„ეს ხომ არ არის ბავშვური კაპრიზი, რომ ყოველ ჯერზე, როცა არჩევნებს აგებ, იძახო რიგგარეშე არჩევნები მინდაო. ჩვენი ოპოზიცია ვერ გამოსულა თინეიჯერული ასაკიდან და განმეორებით ითხოვენ ერთი და იგივე რამეს – არჩევნებს, რომელსაც აგებენ და მერე ისევ არჩევნებს ითხოვენ.

ოპოზიციას საკმაოდ საინტერესო მიდგომები აქვს, ერთი მხრივ საუბრობენ რიგგარეშე არჩევნებზე, მათ სურდათ ეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მიებათ, გამოაცხადეს ის რეფერენდუმად და წააგეს ეს რეფერენდუმი და კვლავ არ ეშვებიან რიგგარეშე არჩევნებზე საუბარს. კონსტიტუციის ცვლილების პროცესს სჭირდება 113 ხმა, სრული თანხმობა პოლიტიკურ ძალებს შორის და ეს სრული თანხმობის პროცესი უნდათ გამოიყენონ დესტაბილიზაციისთვის და არეულობისთვის, რომ შემდეგ რიგგარეშე არჩევნები მოითხოვონ, საკვირველია, რომ ამას საჯაროდაც კი ამბობენ. მათ სურთ თანხმობას მიაღწიონ იმისთვის, რომ გამოიწვიონ უთანხმოება” – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუკი საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ, ფორმულირება “მომდევნო არჩევნები” პროექტიდან ამოღებული იქნება, შესაბამისად, ბარიერის შემცირებაც და პროპორციულ სისტემაზე გადასვლაც მხოლოდ 2024 წელს მოხდება და რიგგარეშე არჩევნებზე არ გავრცელდება. მისივე თქმით, მათ ცვლილებების მიღების ვალდებულება არ აქვთ და თუკი ამას გააკეთებენ, ეს შეიძლება იყოს პატარა საჩუქარი ოპოზიციისთვის.

წყარო: itv.ge