გულდაწყვეტით უნდა ვთქვა, გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში იშვიათად თუ მოძებნით ხელმძღვანელს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნეს, გამჭრიახი ტვინის პატრონ პოლიტიკოსს. ტრაქტატის ხელმოწერის დროს ვერვინ იფიქრებდა ერეკლე მეფის გადაწყვეტილების მარადიულობაზე.
დიახ! მას „ახალმა ქართველობამ“ წყალი შეუყენა, მაგრამ დროებით, ვინაიდან ქვეყნის წინაშე მყინვარივით აზიდული სასიცოცხლო პრობლემები გვაიძულებს მეზობელ რუსეთთან პრაგმატული, გონივრული ურთიერთობების დამყარებას, დაფუძნებულს ურთიერთ პატივისცემაზე.
თანამედროვე საქართველოს წინაშე ბევრი გადაუჭრელი საკითხია, მათ შორის მთავარი – ეკონომიკურ-სოციალური, დიდ ძალისხმევას მოითხოვს და სხვათა დახმარების გარეშე გადაჭრა შეუძლებლად მიმაჩნია. დახმარება და საკუთარი ძალების მობილიზება არის საჭირო 30-წლიანი ჩამორჩენილობის დასაძლევად. „მიშა, მიშას“ ბღავილი ან „ნატო, ნატოს“ — კარგს არაფერს მოგვიტანს.
მკითხველი ისე ნუ მიიღებს ჩემს ნათქვამს — გამოსავალს ვერ ვხედავდე რუსეთთან ურთიერთობების გარეშე. ვაგლახ, რომ ვხედავ იმას, რაც დასავლეთმა გვარგუნა ე.წ. დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში. ვხედავ და ამიტომაც ვამბობ, რომ მეორედ შესვლა მოგვიწევს მდინარეში, ვინაიდან გადასავლეთებამ, დახეული ჯინსებისა და ზედაპირული „თავისუფლების“ გარდა, არაფერი შეგვძინა.
არადა, ქვეყნის თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია მძიმე დემოგრაფიული ვითარება, ტერიტორიების შეკვეცა — ტაში-ტუშის ძახილში. იაპონელთა გამოთვლით, ქართველი ერი სულს განუტევებს 30 წლის შემდეგ.
სააქციონერო საზოგადოება „ინტურისტში“ მუშაობისას კარგად მახსოვს საქართველოში ჩამოსული ზღვა იაპონელი ტურისტი, სპეციალისტი, მათ შორის გერონტოლოგი. მათი საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი ქართველთა ხანდაზმულობა იყო.
მკითხველს შევახსენებ, რომ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში, საბჭოთა კავშირში თუ რომელიმე მოკავშირე რესპუბლიკა იყო სანიმუშო სიცოცხლის ხანგრძლივობის თვალსაზრისით, საქართველო იყო. ჰოდა, სამედიცინო ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ხასიათის სტატიების კვალდაკვალ ჩამოდიოდნენ იაპონელები საქართველოში.
დღეს? დღეს, შორიდან გვითვლიან — გაფრთხილდით, მძიმე პერიოდი გელითო! საქართველოს ხელისუფალნი, ნაცვლად იმისა გადამწყვეტ ზომებს იღებდნენ უმძიმესი სოციალური ვითარების ოდნავ გამოსასწორებლად, საკუთარ სასახლეებს იშენებენ, შესაბამისი ფუფუნებით. ნეტავ, რაში გამოიყენებენ, თუ ქვეყანა არ ექნებათ, ხალხი არ ეყოლებათ?
ქვეყნის არსებობასაც მრავალი კითხვის ნიშანი აქვს დასმული, ისე, როგორც გეორგიევსკის ტრაქტატის დროს. საფრთხე ისევ იქიდან მოდის და არა ჩრდილოეთიდან, კოლექტიური დასავლეთი რომ ჩაგვჩიჩინებს.
დიახ! ჩვენი მეზობელი და „მეგობარი“ ქვეყნის პრეზიდენტი ერდოღანი უკვე მერამდენედ აცხადებს აჭარას, როგორც თურქეთის ძირძველ ტერიტორიად, არამარტო აჭარას, მესხეთს და ა.შ.
მისი ძმა და მეგობარი აზერბაიჯანი ისეა ფეხგადგმული ქვემო ქართლში, აზერბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობით დასახლებულ რეგიონში, როგორც საკუთარ სახლში. აზერბაიჯანული ბიზნესი ყველაფერს აკეთებს ამ რეგიონის მოსახლეობის აზერბაიჯანულად აღზრდა-განათლებისთვის. თვითონ განსაჯეთ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი, რომელიც განათლებას მეზობელ აზერბაიჯანში მიიღებს, საქართველოს პატრიოტი იქნება? საქართველოს პატრიოტები ქართველები არ არიან და რაღა აზერბაიჯანელები იქნებიან?
აჭარაზე თურქული ზეგავლენა რომ ზომაზე მეტია და აშკარად თვალშისაცემი, მტკიცება არ სჭირდება. თურქულმა მედრესეებმა, მეჩეთებმა — სოკოებივით გამრავლებულმა, სხვაგვარი მენტალიტეტი ჩამოუყალიბა აჭარელ ახალგაზრდებს. თურქული ბიზნესი გველეშაპივით ნთქავს ე.წ. ავტონომიას და არა მარტო მას.
ორი მხრიდან ხდება „მეგობრული“ შემოტევა — აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ე.წ. ერთი ხალხი, ორი ქვეყნის მხრიდან. ვიღას ახსოვს დავით გარეჯი, როდესაც ბაქომ მტკიცე ხელი დაადო „მის ისტორიულ“ მიწას?! ახლა საფიქრალი ისაა, როდის მოხდება ამ ორის ერთმანეთთან შეერთება საქართველოს ტერიტორიაზე.
მკითხველს ნუ ეგონება, რომ რამეს ვაჭარბებ. ის, რაც ჩვენ შეუძლებლად მიგვაჩნია, ხვალ შესაძლებელი იქნება, ვინაიდან დღევანდელ საქართველოსთან შედარებით, ხვალინდელი გაცილებით სუსტი იქნება. ამის საბაბი — საქართველოდან გადინებული მოსახლეობა, დაბალი დემოგრაფია და პატრიოტული გრძნობებიდან დაცლილი, უმეცარი პოლიტიკაა.
გამოსავალი? — ისევ რუსეთთან ურთიერთობა, 3X3 ფორმატში ჩართვა და დასავლური ორიენტაციის გვერდზე გაწევა. გვერდზე გაწევა და არა უარის თქმა. 3X3 ფორმატში მონაწილეობა, რუსეთ—თურქეთ—აზერბაიჯან—სომხეთ—ირანთან ერთად გზას გაგვიხსნის ჩვენი საჭირბოროტო საკითხების ექვსეულში გასაჟღერებლად, თუკი ჩვენს ხელისუფლებას ამის სურვილი გაუჩნდება.
წინასწარ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთი ნეიტრალურ პოზიციას არ დაიკავებს, როდესაც საქმე მართლმადიდებელ და მასთან მოთანამშრომლე საქართველოს შეეხება. არც სომხეთი იქნება გულგრილი და არც ირანი — თურქეთის ისტორიული მოქიშპე, საქართველოს მიმართ.
ეკონომიკურ-პოლიტიკური თვალსაზრისით სუსტი საქართველოს შექმნილი ვითარებიდან თავის დაღწევის გზა, ისეთი, როგორიც ნატო-ევროკავშირია, არარეალურია, რაც განვლილმა 30 წელმა ნათლად დაგვანახა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი