მინდა გითხრათ, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა ეხლაც აქტუალურია – ჯაფარიძე

უმრავლესობასთან კონსულტაციები შეიძლება იყოს იმასთან დაკავშირებით, რა ვალდებულებაც აიღეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე, შეასრულონ და თავი დაანებონ სპეკულაციებს და მანიპულაციებს.

უმრავლესობასთან კონსულტაციები შეიძლება იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ რა ვალდებულებაც აიღეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე, შეასრულონ და თავი დაანებონ სპეკულაციებს და მანიპულაციებს – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უმრავლესობის წევრების განცხადებებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობისთვის მზად არიან.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იყოს მიღებული იმ რედაქციით, როგორითაც მიიღეს პირველი მოსმენით.

“ეს წინადადება, რომ შემდგომი არჩევნები სრულად პროპორციულად უნდა ჩატარდეს იყო “ქართული ოცნების” წინადადება, როცა ჩვენ დავიწყეთ ბოიკოტი ჯერ კიდევ მაშინ. შემდგომ ეს აისახა შარლ მიშელის დოკუმენტში. ამ დოკუმენტიდან გამოსვლის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” განგვიცხადა, რომ მხარს არ დაუჭერდა საკონსტიტუციო ცვლილებებს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებით, მაგრამ მხარს დაუჭერდა საკონსტიტუციო ცვლილებებს იმ ფორმულირებით, რომელიც მიღებული იქნა პირველი მოსმენით. სამჯერ დაადასტურა ეს “ქართულმა ოცნებამ” და ახლა გუშინ მოვისმინეთ, რომ კვლავ არის მცდელობა მათ მიერ მხარდაჭერილი საკონსტიტუციო ცვლილებების გადახედვის” – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, კობახიძის გუშინდელი განცხადება მოწმობს, რომ “ქართულ ოცნებას” რიგგარეშე არჩევნების ეშინია და ამასთან, ოპოზიციაში განხეთქილების შეტანას ცდილობს. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება თუ არა, რიგგარეშე არჩევნების საკითხი დღის წესრიგში მაინც იქნება.

“მინდა გითხრათ, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა ყოველთვის აქტუალური იყო და იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მიუხედავად. ამიტომ ეს ორი თემა ერთმანეთთან კავშირში არ არის, ჩვენ უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რიგგარეშე არჩევნები არის ცალკე თემა, რომელიც დღის წესრიგში იდგა, დგას და იქნება, რადგან ეს კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

წყარო: itv.ge