პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით, საკუთარ მიდგომას ასახელებს.
მისი პოზიციით, აცრილმა თუ აუცრელმა მოქალაქეებმა არ უნდა აიღონ „მწვანე პასპორტები“, ცოტა ხანი თავი შეიკავონ ისეთ ობიექტებში სტუმრობისგან, სადაც ამ დოკუმენტს ითხოვენ და შემდეგ შედეგი თავისთავად დადგება, როცა ბიზნესის მეპატრონეები ხელისუფლებას თავად აუხსნიან სიტუაციას.
„მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით ჩემი სუბიექტური ხედვა ასეთია, გთხოვთ თუ ვინმე იზიარებთ, შემომიერთდეთ. რა უნდა ვქნათ ამ კანონთან მიმართებაში – მე გადატანილი მაქვს კოვიდი, შემიძლია „მწვანე პასპორტის“ აღება, მაგრამ იმ ადამიანების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, რომლებსაც ჩემი აზრით ტყუილად უზღუდავენ რაღაცას, მე „მწვანე პასპორტს“ არ ავიღებ და იმ დაწესებულებებში, სადაც უმაგისოდ არ შემიშვებენ, არ შევალ. სულ რომ აცრილი იყოთ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მე ოჯახის წევრები მყავს აცრილი და არც ისინი მსაყვედურობენ მე, რომ ჩემ ჯანმრთელობაზე ვიღებ გადაწყვეტილებას და არც მე დავდევ – რატომ აიცერი. იმის გადასაწყვეტია. მიუხედავად იმისა, აცრილი ხართ, აუცრელი, გადატანილი გაქვთ თუ არა კოვიდი, ჩემი მოწოდებაა არ აიღოთ ეგ „მწვანე პასპორტი“ და ერთი თვე აღარ წავიდეთ რესტორანში. ხომ შეიძლება, სამოქალაქო სოლიდარობისთვის ერთი თვე აღარ წავიდეთ რესტორნებში, ბოდიში მომითხოვია, არ ვიგულაოთ. ვიყიდოთ საკვები პროდუქტები, აფთიაქში წავიდეთ, ვიმუშაოთ, გავაგრძელოთ ცხოვრება და მერე ბიზნესი დაელაპარაკება მთავრობას. ანუ, ეს ყველაფერი რასაც გამოიწვევს, მერე ბიზნესი აუხსნის მთავრობას, შეიძლება თუ არა ამ შემთხვევაში ასეთი რაღაცების გაკეთება. ამ თემასთან დაკავშირებით, ჩემი მიდგომა ეს არის“, – განაცხადა ზურაბ მახარაძემ „ალტ-ინფოს“ ეთერში.