„მივიდა თონეში, შუქი აანთო… ფქვილი გადმოიღო…“ – თონეში გარდაცვლილ 29 წლის პოეტ ნიკა კვესელავას შეყვარებული იხსენებს

ქუთაისელ პოეტს ნიკა კვესელავას თბილისში ჩამოსვლა და თონეში მუშაობის დაწყება სიცოცხლის ფასად დაუჯდა – 29 წლის შემოქმედს 5 დღის დაწყებული ჰქონდა მუშაობა, როდესაც გარდაცვლილი იპოვნეს.

ნიკა კვესელავას საბედისწერო დღეს მისი რჩეული სალომე იხსენებს:

„ერთი სული გვქონდა ნოემბერი მალე გასულიყო, როგორ გაიწელა ეს თვე-თქო, ვამბობდით, დეკემბერში ხომ ჩემთან მოდიოდა ჩემი ბიჭი…

ყველა დღე ისედაც საერთო გვქონდა და ეს ბოლო დღეები რა იყო მაინც, რომ წუთით ვერ ველეოდით ერთმანეთს, ყველაზე მეტად ეს ნოემბერში ვიყავით აფორიაქებული. ჩვენ თვითონ არ ვიცოდით რატომ. არავინ და არაფერი გვაინტერესებდა ირგვლივ. თუ ვინმე გვწერდა, ან გვირეკავდა სწრაფად ვიშორებდით, რომ ერთმანეთთან მეტი დრო გაგვეტარებინა…

24 საათი ვიდეოთვალში ვიყავით, ასე გვეძინა კიდევაც…

ყოველ დილით ვაღვიძებდი იმ საძაგელ ადგილას, თონეში წასასვლელად, სადაც 5 დღის დაწყებული ჰქონდა მუშაობა საკუთარ ჯიბის ფულად. მანამ თბილისში იქნებოდა და იმ პერიოდს ერთ-ერთ ლიტ პროექტში იღებდა მონაწილეობას და იყო სხვა შემოთავაზებებიც. ვატყობდით, არაფერი გამოსდიოდა და ვეხვეწებოდი თავი დაენებებინა იმ თონისთვის, შაბათ-კვირა მოდის ვერ მივუტოვებ, ორშაბათს სხვას მოიყვანენ და მე შევეშვებიო ბუო…

26-ში მთელი დღე ვლაპარაკობდით, წუთით არ გაგვითიშია ტელეფონი, ასეც ჩაგვეძინა. მაღვიძარამ სამის ნახევარზე დარეკა… დავხედე ტელეფონს, ჩემი ბუბუკო მშვიდად სუნთქავდა. ვეძახე, ვერ გავაგონე, გავთიშე ვიდეოზარი და ახლიდან გადავურეკე, რომ გამეღვიძებინა. გაიღვიძა და ისევ ჩაეძინა, ვუყურებდი, როგორ მოზომილად და მშვიდად სუნთქავდა საბნიდან ნახევარი სახე და ცხვირი უჩანდა მხოლოდ. ნახევარ საათში ისევ შევაფხიზლე. ადგა, მოწესრიგდა და გავიდა. თან ვსაუბრობდით. სამსახურამდე სასაფლაოს მიმდებარე გზა უნდა გაევლო. წინა დღით იმ ადგილიდან ძაღლი გამოეკიდა და სახლიდან პურის ნატეხი გაიყოლა, თუ რამეა, გადავუგდებ, მომშორდებაო. ისე ციოდა იმ დღეს, კბილების კაწკაწი მესმოდა ჩემი ბუბუკოსი….
მივიდა თონეში, შუქი აანთო… ფქვილი გადმოიღო, მოაზელინა დანადგარს, თან როგორ მიხსნიდა ხოლმე რა დროს რა უნდა გაეკეთებინა. მაჩვენებდა პურებს, როგორ კოპწიებს აცხობდა…

ცოტა ხანი ვისაუბრეთ… უკანასკნელი მიყვარხარ… უკანასკნელი მჭირდები… უკანასკნელი მენატრებიი…
უკანასკნელად დანახვა ერთმანეთის…
მერე გავთიშეთ, თან მოგწერ, თან ვიმუშავებო, ბუო.
ბოლო მიმოწერა 03:54
ისევ – მიყვარხარ…
ისევ – მჭირდები…
ისევ – მენატრები…
გაზეპირებულად კი არა, სიგიჟემდე მიყვარხარო, ბუო… ასეთი სიყვარული სხვა არ არსებობს, ეს ყველაზე მეტია რაც მაქვსო. რამდენიმე დღის წინ ვიკამათეთ და ერთი მიყვარხარ არ დაგცდესო, მეჯუჯღუნებოდა, გაზეპირებულად ვერ ვამბობ, ჯერ უნდა შეგირიგდე-თქო და მაჯავრებდა, გაზეპირებულს ხო არ იტყოდიო…
მერე სიტყვები მითხრა ჩვენი ლექსიდან –
“მე თუ ამ ზამთარს უშენოდ ვხვდები ”

ცოტა ხანი წაუძინეო, მეც წავუძინებ და ნახევარ საათში გაგაღვიძებო… თვითონ ცომი უნდა ამოეზილა იმ დანადგარით ისევ…
მთელი ღამის უძილარი ძილმა წამიღო… ტელეფონზე სმს-ებიც არ მოვიდა. როგორც იცოდა ხოლმე ჩემმა ბიჭმა, ჯერ ბევრ ბუბუბუს მომწერდა, მომწერდა რომ მოვენატრე, ვეღარ ძლებს, ჩქარა გამეღვიძა…
ბუბუბუ არ მოვიდა…
არ დამირეკა….
მივწერე…
“მე რომ მიყვარხარ შენნ გიყვარვარ?!”
როცა ამ სიტყვებს მეუბნები, თვალები ბავშვურად გიციმციმებსო, სულ მკითხეო, რომ მე გიპასუხო სიცოცხლეზე მეტად ბუოო…
ჰოდა, მივწერე…
არ მიპასუხა…
ისტერიკულად დავიწყე რეკვა…
წინა დღეს ინტერნეტი გამოელია და ვიფიქრე, ალბათ ჩარიცხავს და დამირეკავს-თქო ჩემი ბიჭი…

მერე ფეისბუქზე ინფორმაციები ვნახე…
პირველი რაც მოვიმოქმედე დავწერე, რომ ტყუილიაა!!!
ბევრი არაფერი მახსოვს…
პერიოდულად მთიშავდნენ…
ჩემი ბუბუკო გამიფრინდა…

ზუსტად იმ დილით სახეზე შეხება ვიგრძენი, ან უფრო თმების ჩამოშლასავით, იმდენად გარკვევით, რომ გამეღვიძა… არადა, არასდროს მძინავს თმაგაშლილს, რაც მერე აღვიქვი და გამახსენდა მისი სიტყვები, რომელსაც სულ მეუბნებოდა…
“იმ დღეს როცა ჩემი სიკვდილის დღე მოვა, ჩემი თვალები შენ ჩაგიბეჭდავენ და ისე გამიშტერდება. ეს სული რომ ამოვა შენ ჩაგივლის გვერდით.”
სიგიჟეა, შეშლააა, უღმერთობააა
უშენობის 1 წელი ნიკაა ”