„ომიკრონი“ უფრო სწრაფად და ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით 40 წლამდე მოსახლეობაში. არ ვიცით არის თუ არა ის მეტად აგრესიული ვიდრე „დელტა“ ან სხვა შტამი

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ვარიანტს დაკვირვება სჭირდება და ზუსტი მონაცემები მისი თვისებების შესახებ მეცნიერებს 2-3 კვირაში ექნებათ.

„შტამი „ომიკრონი“ ახალი მუტაციაა. რაც გაჩნდა ეს ვირუსი, ასობით და ათასობით მუტაცია იყო, მაგრამ საყურადღებო ან შემაშფოთებელი იყო თითებზე ჩამოსათვლელი. კვალიფიკაცია „შემაშფოთებელი“ მიენიჭა სულ რამდენიმეს: „ალფას“, „ბეტას“, „გამას“, „დელტას“, რომელმაც ყველაზე ძალიან შეგვაწუხა და მაის-ივნისიდან მოყოლებული სწორედ „დელტამ“ გამოიწვია ის, რომ გვქონდა ძალიან მძიმე აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი. ამის შემდეგ გაჩნდა ახალი შტამი. ჯერჯერობით უნდა დავიცადოთ 2-3 კვირა. არ ვიცით რამდენიმე მთავარი [მონაცემი]. ვიცით, რომ ის უფრო სწრაფად და ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით 40-წლამდე მოსახლეობაში. არ ვიცით არის თუ არა ის მეტად აგრესიული, ვიდრე „დელტა“ ან სხვა შტამი. ანუ რამდენად უფრო მძიმე მიმდინარეობას იწვევს და რამდენად არის აგრესიული და მეტია თუ არა სიკვდილიანობა. ჯერ ეს მონაცემები არ ვიცით, ამას სჭირდება დაკვირვება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, უცნობია რამდენად ეფექტიანია დღეს არსებული ვაქცინები „ომიკრონთან“ ბრძოლაში და ამის დასადგენად ვაქცინის მწარმოებლებს დაახლოებით 3 კვირა დასჭირდებათ.

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტის შესასწავლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

 

“იმედინიუსი”