„ყოველთვის როცა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს პრეს-კონფერენციებისა და ბრიფინგების დროს კონკრეტულ კითხვებს უსვამენ – აქვს თუ არა თეთრ სახლს რუსეთისათვის „წითელი ხაზები“ მონიშნული, ან რას გააკეთებს ამერიკა უკრაინა-რუსეთის სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, შეძლებს თუ არა ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს წინ აღუდგეს, ისინი თავს არიდებენ ზუსტი პასუხის გაცემას და ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებიან“, – აღნიშნავენ ავტორები.
„რასაკვირველია, ჯო ბაიდენს თავისი პოზიტიური წვლილი აქვს შეტანილი უკრაინის ბედის გარკვევაში, მაგრამ დღემდე გაურკვეველია რამდენად მზადაა აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის სახელით გარისკოს [და რუსეთს ღიად დაუპირისპირდეს] იმ დროს, როცა ჩინეთთან კონკურენციას აპირებს? თეთრი სახლის მაღალჩინოსნები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთთან მიმართებით აშშ-ის მიზანია სტაბილური და პროგნოზირებადი პოლიტიკის ჩამოყალიბება. ამ თვალსაზრისით ბოლო დროს ვაშინგტონის აქტიურობა შეინიშნება – გაჩნდა აზრი, რომ შესაძლოა ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის კიდევ ერთი სამიტი გაიმართოს უკრაინის საკითხის განსახილველად, თუმცა იმავდროულად ამერიკელი ჩინოვნიკები, თავის ნატოელ პარტნიორებთან ერთად, იმ ზომებზეც მუსაობენ, რომლებიც რუსული პროვოკაციების საპასუხოდ იქნება გამოყენებული.
როგორც ექსპერტი ანდრეა კენდოლ-ტეილორი ამბობს, ერთ-ერთი ასეთი ზომა შეიძლება იყოს რუს ოლიგარქებისათვისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საკრედიტო ბარათების – Visa-სა და Mastercard-ს გამოყენების აკრძალვა, ასევე დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირში და აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვაც. ეს ყველაფერი ვლადიმერ პუტინის ყურადღებას მიიპყრობს, თუმცა, ცხადია, თუ რუსეთის პრეზიდენტი მსგავს საპასუხო ნაბიჯს გადადგამს, მისი მოქმედება ამერიკულ და ევროპულ ეკონომიკასაც დააზარალებს.
რაც შეეხება აშშ-ის სამხედრო დახმარებას უკრაინისადმი: ვაშინგტონი უკვე აწვდის იარაღს კიევს, მაგრამ ანალიტიკოსთა უმეტესობა თვლის, რომ უკრაინას ყველაზე უარესი სცენარის დროსაც კი არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ მის დასახმარებლად თეთრი სახლი ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს გაგზავნის. „ამ შვიდი წლის განმავლობაში, რაც კი რუსეტსა და უკრაინას შორის კონფლიქტი მიდის, რუსები მშვენივრად დარწმუნდნენ იმაში, რომ ჩვენ იქ, ვთქვათ, 82-ე საჰაერო-სადესანტო არმიას არ გადავისვრით“, – ამბობს სემიუელ ჩერეპი, „RAND კორპორეიშენ“-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, რომელიც ადრე აშშ-ის სახდეპარტამენტში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, – და თუ ამას გავაკეთებთ, მე ვფიქრობ, რომ ისინი მზად არიან ფასის გადასახდელად. [არავინ იცის, ამას რა მოჰყვება], რთული სიტუაციაა და იოლი გამოსავალის ძიება ძნელია“.
ამერიკელ ოფიციალურ პირებს არ სჯერათ, რომ ვლადიმერ პუტინს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებაზე. ცხადია, ამერიკელები მოსკოვის მუქარებს სერიოზულად აღიქვამენ. შესაბამისად, ისინი ცდილობენ, ერთი მხრივ, კიევი მოამზადონ და მეორე მხრივ, მოსკოვი დაარწმუნონ, რომ ომის დაწყება საშინელი შეცდომა იქნება.