რატომ ჰყავს ქვეყნას 1022 სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი – ვაშაძე

ვაშაძე განათლების მინისტრს – თქვენს გამოსვლას, სამწუხაროდ, უნდა ვუწოდოთ ცრუ რეფორმების ინფორმაცია.

თქვენს გამოსვლას, სამწუხაროდ, უნდა ვუწოდოთ ცრუ რეფორმების ინფორმაცია – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „განათლების და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

გიორგი ვაშაძე დაინტერესდა, რატომ ჰყავს ქვეყნის მასშტაბით 1022 სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და რატომ ვერ ხერხდება მათი კონკურსის წესით დანიშვნა.

– „შევეცადე, რომ ყველანაირად მომესმინა თქვენი გამოსვლისთვის, თუმცა, ვერც სისტემური და ვერც შინაარსობრივი ვერაფერი დავინახე, რომ რეალური რეფორმები იყოს ქვეყანაში და ამას მოწმობს ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევა, რომელიც ამბობს, რომ წლიდან წლამდე საქართველოში, განათლების სექტორში ვითარება უარესდება. სამწუხაროდ, ჩვენი შვილები და მე თავადაც სამი შვილის მამა ვარ, ვერ იღებს განათლებას ამ ქვეყანაში, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ასპარეზზე, არადა, მთელი მსოფლიო ცოდნის ეკონომიკას აწყობს. რითაც განათლების სამინისტრო გამოირჩევა, ეს არის პოლიტიკური მიზნებისთვის მასწავლებლების და მთლიანად საგანმანათლებლო სისტემის გამოყენება. სწორედ ამაზე მაქვს კითხვა – რა გახდა იმის საფუძველი, რომ დღემდე 1022 სკოლის დირექტორი მოვალეობის შემსრულებელია? რით ვერ გამოაცხადეთ კონკურსი? რა მოხდა ისეთი, რომ ეს ადამიანები ვერაფრით დაინიშნენ? მე გეტყვით რაც მოხდა – თქვენ რომ მათ არ ნიშნავთ კონკურსის წესით, მერე მიდიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და აშანტაჟებენ – თუ პოლიტიკურად არ მოხდება მათი ჩართვა არჩევნებში დაკარგავენ საკუთარ თანამდებობას. აღარაფერს ვამბობ ია კერზაიას საქმეზე. ეს არის მაგალითი, სადაც მთელმა საქართველომ დაინახა რისთვის ხდება საგანმანათლებლო სისტემის გამოყენება. ასე რომ, თქვენს გამოსვლას, სამწუხაროდ, უნდა ვუწოდოთ ცრუ რეფორმების ინფორმაცია“ – მიმართა განათლების და მეცნიერების მინისტრს გიორგი ვაშაძემ.

წყარო: ptn.ge