უგულავა 3000 ლარით დააჯარიმეს და გაათავისუფლეს

გიგი უგულავა, რომელიც 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარე დემონსტრაციაზე დააკავეს, 3000 ლარით დააჯარიმეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველ დეკემბერს მიიღო.

პოლიციას უგულავა დაახლოებით 48 საათის განმავლობაში ჰყავდა დაკავებული.

დაკავებისას, 29 ნოემბერს, საპატრულო პოლიციის მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს უფროსმა, გოგა მემანიშვილმა განაცხადა, რომ უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაკავების შემდეგ უგულავა წინასწარი დაკავების იზოლატორში, მარნეულში გადაიყვანეს.

29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართებოდა 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე.

პარალელურად სააკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო დემონსტრაცია იმართებოდა მისი გათავისუფლების მოთხოვნით. აქციაზე დიდი რაოდენობით პოლიციელი იყო მობილიზებული.

აქციაზე რამდენიმე დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

შსს-ც ცნობით, დემონსტრაციაზე ჯამში 15 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. მათ უწყება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

 

“ნეტგაზეთი”