“როცა სააკაშვილი სასამართლოზე ლაპარაკობს, ამას თავისი მომხრეების გასაგონად ამბობს: მის პოზიციაში და პატიოსნებაში ეჭვი არ შეეპაროთ”

ანალიტიკოსი მამუკა არშიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში დღევანდელ სიტყვით გამოსვლას „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აფასებს.

არეშიძე ამბობს, რომ სააკაშვილმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ ტაილანდში ვიზიტი იქ სტუმრების მასპინძლობა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს უკავშირდებოდა.

„ასეთი ტიპის ხარჯები შეიძლება იყოს თუმცა ამ შემთხვევაში ტყუილია. როცა მიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე ლაპარაკობს, ამას თავისი მომხრეების გასაგონად ამბობს, რომ მათ მის პოზიციაში და პატიოსნებაში ეჭვი არ შეეპაროთ. დანარჩენი ხალხისთვის კი როგორი მოცემულობაც არის ისეთ მოცემულობად რჩება. ეს ნათქვამი განსაზღვრულია ისეთი ადამიანებისთვის ვინც საქმის კურსში ჩახედული არ არის. ტაილანდი ეს ის ქვეყანა არ არის, რომელმაც შეიძლება დასავლელი მოკავშირეების გარეშე იმოქმედოს და მაგალითად აფხაზეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა, ეს გამორიცხულია.

მაგალითისთვის გეტყვით, როდესაც მიხეილ სააკაშვილი წავიდა კოსტა-რიკაში, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ფორუმი იყო, როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტი იყო მე ვამართლებდი მის ამ მოგზაურობას, რადგან ვიცოდი, რომ ეს იყო ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დაჟინებული მოთხოვნით რათა მიხეილ სააკაშვილს თვითონ ჩაეტარებინა იქ კონსულტაცია, ზუსტად იმიტომ, რომ იქ ზოგიერთი ქვეყანა დამუშავებული უკვე ჰყავდათ რუსებს, ნიკარაგუაში არ იყო, რომ აფხაზეთის აღიარების პროცედურა დაეწყოთ.

კოსტარიკაში მართლა საჭირო იყო მიხეილ სააკაშვილის ჩასვლა, მგონი 2010-2011 წლებია. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ეხება ტაილანდს და ამ ტიპის ქვეყნებს. ასე, რომ რაც მიხეილ სააკაშვილმა თქვა ეს არის ტყუილი. ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, რომ არსებობს ისეთი შემთხვევები როცა სახელმწიფო ხარჯი უნდა გაიღო იმისთვის, რომ სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევა შეამსუბუქო ან ლიკვიდაცია მოახდინო. მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ჩანდეს შესაბამის ხარჯებში, იმ ფორმით როგორიც არის საჭირო ისე კი არა როგორც ახალა ჩანს“, – ამბობს მამუკა არეშიძე.

ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე ისაუბრა ტაილანდში ჩასვლის მიზნებზე, რომლის ხარჯებიც ერთ-ერთია ამ საქმეში, როგორც პირადი სარგებლობისთვის გამოყენებული საბიუჯეტო სახსრები.

წყარო: https://primetime.ge/saakashvilma-dghevandel-skhdomaze-itsrua-mamuka-areshidze-eqsprezidentis-tailandshi-vizitze/