“სააკაშვილის მომხრეები აღქმებით ცხოვრობენ, რომ მან ქვეყანა დააფუძნა, შუქი აგვინთო – როგორც ფაქტებს აჩვენებ, შეტევაზე გადმოდიან”

სააკაშვილის მომხრეები აღქმებით ცხოვრობენ, რომ მან ქვეყანა დააფუძნა, შუქი აგვინთო – ეს ყველაფერი აღქმებია. როგორც კი ფაქტებს აჩვენებ, შეტევაზე გადმოდიან, – ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილსა და მის მომხრეებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში რაც საქართველოში მოხდა, ამით „მხოლოდ და მხოლოდ რუსეთმა იხეირა“. მან ყურადღება 7 ნოემბერსა და 26 მაისს მომხდარ მოვლენებზეც გაამახვილა.

„სააკაშვილი ყველასკენ გაიშვერს ხელს. სანდრასკენ გაიშვირა ხელი და ვანო მერაბიშვილისკენ რომ გაიშვიროს, გიკვირთ? ჩემთვის ეს გასაკვირი აბსოლუტურად არ არის. ეს კაცი ძალიან დიდი ხანია ვიცით, რაც არის და როგორც ილაპარაკებს. უბრალოდ, საქმიდან გამომდინარე უნდა ალაპარაკო. არ შეიძლება, 20 წლის შემდეგ საათნახევრიანი პოლიტიკური სპიჩებით გამოდიოდეს. ეს ნორმალური ამბავი არ არის. ეს იგივეა გერინგი გამოსულიყო პოლიტიკური სპიჩით ნიურნბერგის პროცესზე. იგივე ამბავია ზუსტად! ეს ყველა ჩვენგანის შეურაცხყოფაა. დაგვავიწყდა რა გავიარეთ, რამდენი ხალხი გამოდიოდა და აპროტესტებდა იმ მმართველობას და რას აპროტესტებდა?! პირველ რიგში, ძალადობას, ტერიტორიების დაკარგვას, გაჩუქებას აპროტესტებდა. გასაგებია და ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ 7 ნოემბერსა და გირგვლიანზე გამოძიება მიდის, მაგრამ ამ ქვეყანაში სხვა არაფერი მოხდა?! ხომ მოხდა. თავად რომ საუბრობს ინგლისურად, უკრაინულად, ქართულად, რატომ საუბრობს, როგორ გგონიათ? იმისთვის, რომ იქამდე რაღაც მესიჯი მიიტანოს და თავი გაიმართლოს. ჩვენც უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რა დღეში ვიყავით“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.