რუსეთი, აშშ, ევროკავშირი და ნატო ისევე მოექცევიან საქართველოსა და უკრაინას, როგორც ჩვენ, ქართველები და უკრაინელები საკუთარ თავს ვცემთ პატივს, ანუ – პირდაპირ პროპორციულად.
აშშ და ნატო მადლობას უხდიან საქართველოს ერაყსა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისთვის, შავ ზღვაში სტრატეგიული პარტნიორობისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე წვრთნებისა და ცენტრებისთვის და, ამავდროულად, მიუთითებენ “დემოკრატიული რეფორმების გაღრმავების აუცილებლობაზე”, რათა საქართველო „დასავლურ სტანდარტებს შეესაბამებოდეს“.
მაგრამ განა ჩვენმა პარტნიორებმა და მეგობრებმა არ იციან, რომ ქართველი სამხედროები და პენსიონერები გასამრჯელოს იღებენ არა დასავლური სტანდარტების მიხედვით – ათჯერ ნაკლებს, ვიდრე აშშ-სა და ევროპაში?
მაგრამ რადგან ქართველები ორმაგ სტანდარტებს ეთანხმებიან და აქეთ მადლობას იხდიან, მაშასადამე ასეც მოუხდებათ – რა საჭიროა ზედმეტის გადახდა მშივრებისთვის?! სწორედ ეს არის ნამდვილი დასავლური პრაგმატული მიდგომა, თუმცა მეგობრები და ნამდვილი პარტნიორები ასე არ იქცევიან.
ამას ხედავს რუსეთიც, რომელიც სამომავლოდ თავისთვის სათანადო დასკვნებს აკეთებს, რადგან სულ სხვანაირი ქართველები ახსოვს – ამაყი და თავმოყვარე.
როგორც კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა აღნიშნა „რუსეთის გაძლიერება შავ ზღვაზე, რომ საქართველოსა და რუსეთს – თითოეულს აქვს საკუთარი ინტერესები, რომლებიც გასათვალისწინებელია ურთიერთობების დარეგულირების პროცესში, ამიტომ შეხვედრა სერიოზულად უნდა მომზადდეს“, კოლექტიური დასავლეთი უმალ შეშფოთდა: ამას მოჰყვა ნატოსა და ევროკავშირის, როგორც ახლა მოდურია თქმა, „აქტივობების“ მთელი კასკადი, – სტოლტენბერგის, ევროკავშირის ლიდერების განცხადებები და მინისტერიალები, საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ასოცირებული ტრიოს ფორმატებში.
“ნატო ძალიან აფასებს საქართველოსა და უკრაინას, ისინი არიან სტრატეგიული პარტნიორები და ასპირანტები” და ა.შ. – გაგვიმეორეს „მადლიერებების” სრული სია, თუმცა, როგორც ყოველთვის, არავის დაუკონკრეტებია – როდის მიიღებენ საქართველოსა და უკრაინას ნატოსა და ევროკავშირში.
20 წელია ვაკვირდები სააკაშვილს, მას მიეძღვნა ჩემი ასობით ანალიტიკური პუბლიკაცია, მათ შორის სერია “ლიკვიდატორების ანატომია”, რომელშიც ევრომაიდანიდან მოყოლებული უკრაინელებს ვაფრთხილებდი – რას წარმოადგენს სინამდვილეში ქართველ “რეფორმატორთა” გუნდი, საქართველოს ექსპრეზიდენტის მეთაურობით. თუმცა ყური ცოტამ თუ მომაპყრო, ამასობაში სააკაშვილი გააძევეს და უკანაც მიიღეს. დღეს კი ექს-გენერალური პროკურორი ლუცენკო აცხადებს, რომ შოკირებულია სააკაშვილის შესახებ მიღებული ინფორმაციით. არადა, სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობებზე დანიშვნამდე გაცილებით ადვილი იქნებოდა საქართველოდან მიღებული ინფორმაციის გადამოწმება. არადა, უკრაინაში ქართველი „რეფორმატორის“ ამ კარიერულ აღზევებას თვალს ადევნებდნენ დასავლეთი და რუსეთი, რომლებმაც სააკაშვილის ავტობიოგრაფია დაწვრილებით იციან – როგორ ფიქრობთ, ამის შემდეგ პატივისცემა მოემატათ უკრაინელების მიმართ?!
ორშაბათს, 29 ნოემბერს, დილით გამოქვეყნდა ჩემი პუბლიკაცია „სააკაშვილის ფსიქოპათოლოგიური სინდრომი“, რომელშიც ჩემი პაციენტის შემდგომ ქმედებებს ვწინასწარმეტყველებ. და მართლაც – შუადღისას, სასამართლოში პირველ პროცესზე, სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიაარაფერი და მოსანანიებელიც არაფერი აქვს, პირიქით – გმირი და ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელია! არა, სააკაშვილი საეჭვოა გაცნობოდა ჩემს პუბლიკაციას, რომელიც სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა, მან ზუსტად, თითქმის სიტყვასიტყვით გაამართლა ჩემი პროგნოზი, რადგან დეტალურად შევისწავლე მისი ანომალიური ფსიქიკა. ამასთან, სააკაშვილმა გაამართლა იმავე სტატიაში გაკეთებული მეორე ექსკლუზიური პროგნოზი, რომელსაც ვუწოდე “ცხედრებთან როკვა” – ჩამოწერილი ქართველი პოლიტიკოსების ახალი ტრადიცია, კერძოდ, ბურჯანაძისა, გაიხსენონ გარდაცვლილი მოღვაწეები საკუთარი თავის პიარისთვის. ბურჯანაძე ახსენებს შევარდნაძესა და ჟვანიას, ხოლო სააკაშვილი – პატარკაციშვილს. “პუტინმა ლუკაშენკოს გაუგზავნა ფე-ეს-ბეს სამი გენერალი, რომელსაც უთხრა, რომ პატარკაციშვილი არის საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ეს ლუკაშენკომ მითხრა”, – განაცხადა სააკაშვილმა სასამართლოზე და ამავდროულად ცდილობდა ლუკაშენკოს გაშავებას პუტინის თვალში, რომელმაც ცოტა ხნის წინ ლუკაშენკო გადაარჩინა.
ახლა საქართველო და უკრაინა სააკაშვილზე ტესტირებას გადიან: რუსეთსა და შეერთებულ შტატებში აკვირდებიან – რამდენად მოწიფულია ქართველი და უკრაინელი საზოგადოებები? ქართველებისა და უკრაინელების რამდენი პროცენტი დაუჯერებს და გაამართლებს სააკაშვილს, საქართველოში და უკრაინაში მისი დანაშაულებების მიუხედავად? რას გადაწყვეტს ქართული სასამართლო მის სხვა დანაშაულებზე?
სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა ღიად მოუწოდა ხალხს სახელმწიფო გადატრიალებისკენ – ძალით გაათავისუფლონ იგი, რათა შემდგომ მან „გაათავისუფლოს ისინი ამჟამინდელი პრორუსული ხელისუფლებისგან“, რადგან უკრაინის მიერ მისი ექსტრადიციის ერთადერთი ვარიანტია – თუკი უკრაინის მოქალაქეზე კიდევ უფრო მძიმე სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა და კოლაბორაციონისტ სააკაშვილს უკრაინის ხელისუფლების დამხობაში დაადანაშაულებს. პრეზიდენტი ზელენსკის და ვაშინგტონის მოსათაფლავად, თვითნასწავლმა არტისტმა სააკაშვილმა, პროცედურის დარღვევით, წინასწარ მომზადებული საათნახევრიანი გამოსვლისას, მიმართვა უკრაინულად და ინგლისურად წარმოთქვა. მაგრამ ზელენსკი პროფესიონალი არტისტია, ამიტომ ეს ხრიკი სააკაშვილს, ნაკლებად სავარაუდოა, გაუვიდეს, მით უფრო ღარიბაშვილთან სტრატეგიული შეხვედრების დროს ნატოს, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ასოცირებული ტრიოს ზემოხსენებულ ფორმატებში.
დღეს რუსეთი, აშშ და ევროკავშირი თვალსყურს ადევნებენ – იტყვიან თუ არა უარს საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიების დაპირებების სანაცვლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეაზე? და როგორ ხედავენ ისინი ამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზას – სამხედრო, რისკენაც კიევი იხრება, თუ მშვიდობიანი, როგორც თბილისი აცხადებს? ამის მიხედვით იმსჯელებენ ვაშინგტონი, მოსკოვი და სტრასბურგი საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკური ელიტების სიმწიფეზე და შესაბამისადაც მოექცევიან.
ყველაფერი დანარჩენი არის ფსიქოპათოლოგიის, ქსენოფობიისა და პროპაგანდის სფეროდან, რომლითაც მოხერხდა ან ვერ მოხერხდა ქართველი და უკრაინელი ხალხების ზომბირება. ”ეს ხალხი ავადაა!”, – განაცხადა გუშინწინ აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში, კითხვაზე პასუხისას – რამ არ მისცა მას რუსეთთან ურთიერთქმედების დამყარების საშუალება. ჟურნალისტებთან საუბრისას მან წამოჭრა შიდაპოლიტიკური ოპონენტების მხრიდან მოსკოვთან შეთქმულების შესახებ ბრალდებების უარყოფის თემა, რომელიც თითქოს არსებობდა 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს. „ორ წელიწადნახევარი დასჭირდა ამის უარყოფას, რამაც ძალიან გაართულა ზოგიერთ ქვეყანასთან ურთიერთობა, განსაკუთრებით რუსეთთან“, – თქვა თეთრი სახლის ყოფილმა ხელმძღვანელმა. პოლიტიკოსის თქმით, ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მის წინააღმდეგ ტარდებოდა მისი მმართველობის უმეტესი პერიოდის განმავლობაში, ხელს უშლიდა ორივე ქვეყნისთვის “ძალიან კარგი” შედეგების მიღწევაში. ”მაგრამ მე არ შემეძლო ამის გაკეთება, რადგან ისინი იტყოდნენ ჩემზე: ”ოჰ, მას უყვარს რუსეთი!”. ეს ხალხი ავადმყოფია!“, – დასძინა ტრამპმა.
აშშ-ის ყოფილ და ალბათ მომავალ პრეზიდენტზე უკეთ მართლაც ვერ იტყვი. როგორც ხედავთ, პოლიტიკაში ავადმყოფები არიან არა მარტო საქართველოსა და უკრაინაში, არამედ ამერიკაშიც. საქმე ისაა, დაუშვებენ თუ არა ქართველები და უკრაინელები ამ ავადმყოფების მმართველობას, რომელთა ქსენოფობიისა და არაადექვატური ქმედებების გამო საქართველომ და უკრაინამ სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაკარგეს.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი,
არნო ხიდირბეგიშვილი
2021 წლის 30 ნოემბერი
საქართველო, თბილისი