მე და ბადრი ჯაფარიძეს ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, რაც ადამიანის მკვლელობის ტოლფასია ბიზნესში – მამუკა ხაზარაძე

მე და ბადრი ჯაფარიძეს ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, რაც ადამიანის მკვლელობის ტოლფასია ბიზნესში, – ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა.

„სამი წლის განმავლობაში რაღაც ისეთი ფაილი ხომ უნდა აღმოჩენილიყო, რითაც დასტურდება, რომ მე და ბადრი ვიღაცას შევხვდით, რომ ვიღაცას თვალი ჩავუპაჭუნეთ. როცა 12- წლიან პატიმრობაში გვიშვებთ, ამისთვის რაღაც ფაქტი ხომ უნდა არსებობდეს?! მე და ბადრი ჯაფარიძეს ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, რაც ადამიანის მკვლელობის ტოლფასია ბიზნესში

მაინტერესებს ვინ იჩივლა ჩვენს წინააღმდეგ, ვინ არის დაზარალებული. ეს ორი ვიღაც მაპოვნინეთ ვინც იტყვის, ბატონო პროკურორო, 2008 წელს ჩვენ ამ ქმედებით დავზარალდით”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და დასძინა, რომ  საქმეს დაზარალებული არ ჰყავს.

როგორც მან აღნიშნა, მათთვის ე.წ. ფულის გათეთრების ბრალის წაყენება, ანაკლიის პროექტის ჩაგდებას ემსახურებოდა.

“სამწუხაროდ, ამ ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ამ მიზანს მიაღწია…ჩვენ არ გავხდით ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებული ბიზნესმენები. ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, რაც ემსახურებოდა ჩვენს დისკრედიტაციას და რასაც ვერ მიაღწიეს. ეს არის პირდაპირ სილის გაწნა პროკურატურისთვის”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.