კახა კალაძის სახელზე არის ბევრი შეცდომა და დანაშაული, როგორც საარჩევნო, ისე საქმიანი

“ლელოს” წევრის საბა ბუაძის განცხადებით, თბილისის მერის გუნდმა ბოლო წლების განმავლობაში ბევრი შეცდომა დაუშვა.

როგორც ბუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კახა კალაძის მიმართ ბევრი კითხვა აქვს. “ვხედავთ, რომ რეალურად არ არის ცვლილებები არც შემადგენლობაში და იმ განწყობაში,რომელიც კალაძეს თბილისთან და თბილისელებთან მიმართებით გააჩნია. ამიტომ, ვაპირებთ, დავსვათ ყველა ის კითხვა, რომელიც პირველ რიგში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს წარმოიშვა. ჩვენ ძირითადად გვესმოდა დაპირისპირების ენა და აგრესიული მოწოდებები. ახლა გვაქვს შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას გასულ 4 წელში დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით, რომელმაც თბილისელების ცხოვრება გააუარესა, ასევე გვაქვს შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, როგორ ხედავენ ამ ქალაქის განვითარების მომავალს” – განაცხადა ბუაძემ.

კითხვაზე, რა იყო კალაძის მთავარი შეცდომა 4 წლის განმავლობაში, საბა ბუაძემ უპასუხა, რომ მათ ბევრი შეცდომა დაუშვეს.

“კალაძის სახელზე არის ძალიან ბევრი შეცდომა და დანაშაული, როგორც საარჩევნო, ისე საქმიანი. ამიტომაც მთავარი შეკითხვები არსებობს იმ კორუფციულ სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქში ჩამოყალიბდა და ჩემი კითხვებიც ამასთან იქნება დაკავშირებული”, – განაცხადა ბუაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას – საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს და გამგებლებს დედაქალაქის საკრებულო დღეს დაამტკიცებს. სხდომა საკრებულოში 16:00 საათზე გაიმართება. თბილისის 10 რაიონის გამგებელი მერმა კახა კალაძემ უკვე წარადგინა. როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მოსახლეობის მხარდაჭერა და ნდობის გამოცხადება მისი გუნდისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.

წყარო: newposts.ge