იტალიაში ემიგრანტების საინფორმაციო პლატფორმა ქართველი ემიგრანტის, პოეტის, ლელა ლაჩაშვილის წერილს აქვეყნებს, სადაც ის რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება:
„დღეს ახალი გულსაკლავი ინფორმაცია გაჟღერდა საემიგრაციო ჯგუფებში. ახალგაზრდა ქართველმა ქალბატონმა რეჯო-კალაბრიის ერთ-ერთ ქალაქში, (კონკრეტიკისგან თავს ვიკავებ) თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, გადმოვარდა იმ ბინის მეოთხე სართულიდან, სადაც მუშაობდა.
როგორც იტალიური პრესა იუწყება, სიკვდილის მიზეზს იკვლევენ და ჩემი გულის კარნახს თუ ვენდობი და კულუარებში გაჟღერებულ ინფორმაციას, მისმა ფსიქიკამ ვერ გაუძლო მძიმე შრომით და ფსიქოლოგიურ წნეხს, რომელშიც ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე ჩვენი ქალები იტალიაში.
არ მსურს შეურაცხყოფა მივაყენო ქვეყანას, რომელმაც მოგვცა თავშესაფარი და კანონით იცავს ყველა ემიგრანტის უფლებას, მათ შორის არალეგალურად მყოფისაც, მაგრამ კანონი რომელიც ქაღალდზე რჩება და არ აღესრულება, იმის გამო რომ უუფლებოდ გვთვლის ოჯახი, სადაც მუშაობ და იმის გამო გიქირავა, რომ შავი მუშახელის შენახვა გაცილებით იაფი უჯდება ვიდრე, კონტრაქტით მომუშავის. გასაკვირვი არ უნდა იყოს, რომ ძალიან მცირე ანაზღაურებაში ცდილობს მაქსიმალურად დატვირთოს მომსახურე პერსონალი. ამას ემატება ენის ბარიერიც თუ ახალი ჩამოსული ხარ და ენას არ ფლობ მათი კანონები რომც იცოდე თავს ვერ დაიცავ.
სხვა საკითხია კიდევ ეგრეთ წოდებული დამსაქმებლის ინსტიტუტი, რომელმაც შენ დასაქმებაში მთელი თვის ხელფასი აიღო და გაიძულებს რამდენიმე თვე მაინც იმუშაო იმ ოჯახში, სადაც შეგიყვანა. არგუმენტად კი მოჰყავს ის, რომ სამსახური “გაუფუჭდება” თუ მიუტოვებ.
აქედან გამომდინარე ვხვდებით უკვე რამდენი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს ემიგრანტ ქალს რომ სამსახური შეინარჩუნოს და ყველაფერი ეს მის ფსიქიკაზე მძიმედ მოქმედებს. არის კიდევ ოჯახის ფაქტორი, ბანკის ვალები საქართველოში, ნასესხები ფულით ნაყიდი ბილეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ხშირად მითქვამს და პირად საუბრებშიც ყოველთვის ვუმეორებ ემიგრანტებს, არ გაჩერდეთ სამსახურში სადაც გამცირებენ, შეურაცხგყოფენ და ხელით გეხებიან (ასეც ხდება ალცჰაიმერებთან) სამსახურმა მიჩვევა იცის რაც არ უნდა ძნელი წარმოსადგენი იყოს, ასეთ სამსახურსაც ეჩვევა ადამიანი, მით უმეტეს რომ უკანდასახევი გზა მოჭრილია.
დღემდე არ დასჯილა არცერთი პირი, „ბადანტეს“ მიმართ არაკანონიერი მობყრობის გამო. ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს, იტალიაში, ოჯახში მომუშავე ქალებზე, იზრუნოს მათი უფლებების დაცვაზე და თუ ხელისუფლება არ ზრუნავს ჩვენ მაინც ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ასეთ მძიმე სამსახურში ნუ შევიყვანთ ქალებს და თუ შევიყვანთ ნუ მივყიდით, ნუ გავხდით იძულებულს თვითმკვლელობით დაასრულოს სიცოცხლე“, – წერს ლელა ლაჩაშვილი.