2 წლიანი სამართლებრივი დავა დასრულდა – კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს ხელბორკილები სხდომათა დარბაზში დაადეს. ჩხოროწყუს პოლიციის მაღალჩინოსანს 28 წლის ბიჭის გაუპატიურებას ედავებიან.
საქმის მასალების მიხედვით, გომელაურის უწყების თანამშრომელმა, თანასოფლელზე სექსუალურად იარაღის მუქარით, ტყეში იძალადა.
42 წლის კაცს ციხეში 5 წლის გატარება მოუწევს.
საქმე ეხება 2019 წლის 27 იანვარს მომხდარ დანაშაულს. როგორც დაზარალებული “ტვ პირველთან” ამბობს, ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილების თანამშრომელმა დაურეკა, შეხვედრა დაუთქვა, მიტოვებულ შენობასთან მიიყვანა და გააუპატიურა.
გიორგი პისკუნოვი ვინაობას არ მალავს და ამბობს, რომ უმძიმესი დანაშაულში მხილებული პირი მთელი 2 წლის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა. მეტიც მისი თქმით, 13 წლიანი სტაჟის მქონე პოლიციელს არასრულწლოვანთა საქმეები ებარა.
ახალგაზრდა კაცი ყვება, რომ მას შემდეგ რაც მომხდარის შესახებ ღიად ისაუბრა, პოლიციელი და მისი ოჯახის წევრები ემუქრებოდნენ.
მანქანაში უკანა სავარძელზე ჩავჯექი. კარების ჩაკეტვის ხმა გავიგე, ვკითხე, რა ხდებათქო, თუმცა სწრაფად წავიდა ტყისკენ, ამოიღო იარაღი და ჩემზე იარაღის მუქარით იძალადა. ამის შემდეგ ავტომობილიდან ჩამაგდო. დაბა მონგირიდან პირდაპირ წავედი სენაკის მიმართულებით, რადგან ეს ადამიანი მოკვლით მემუქრებოდა.
ის ჩხოროწყუს რაიონულ სამმართველოში მუშაობდა და არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა. მას არაერთ არასრულწლოვანთან ჰქონდა შემხებლობა. როგორც შემდეგ გაირკვა, ძალიან ბევრი არასრულწლოვანი გააუბედურა და დაუნგრია ცხოვრება”- აცხადებს პისკუნოვი.
წყარო: ტვ პირველი