დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩევიან უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და დეტალური პროცედურის საფუძველზე, რომელსაც ანალოგი არ აქვს ევროკავშირის წევრ არც ერთ ქვეყანაში და არც აშშ-ში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. მან ამ საკითხის შესახებ ელჩების განცხადებებზეც ისაუბრა.
„სამართლებრივად, აქ მოსადავებელი არაფერია. არის ბევრად უფრო მარტივი პროცედურები, რაც უამრავ ქვეყანაშია დადგენილი და მათ შორის, აშშ-შიც, სადაც პრეზიდენტი წარადგენს [კანდიდატებს], სენატი ირჩევს და დამთავრდა. ანუ, ყოველგვარი განსაკუთრებული პროცედურის გარეშე. ჩვენთან კი, პარლამენტში ბევრად უფრო დეტალური კითხვებიც დაისმის, როცა მოსამართლეების მოსმენა ხდება და მთლიანი პროცედურაა ბევრად უფრო გამჭვირვალე და დეტალიზებული. ამიტომ, ვიმეორებ, თუ რაღაც შეფასება არის უსამართლო, ჩვენ ვალდებული ვართ, ასეთ უსამართლო განცხადებას ჩვენი შესაბამისი, არგუმენტირებული პასუხით გამოვეხმაუროთ და ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა“, – განაცხადა კობახიძემ.
“იმედინიუსი’