მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო პუტინისა და ბაიდენის 2 საათიანი ონლაინ შეხვედრისაკენ, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო დასრულდა ბაიდენისაგან მორიგი შეშფოთება-აღშფოთების გამოხატვით უკრაინა რუსეთის საზღვართან ასი ათასი რუსი ჯარისკაცის განთავსების გამო.
შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვესაუბრებით საქართველოდან პოლიტიკურ დევნილს, საქართველოსა და უკრაინაში ტერიტორიული მთლიანობისათვის ომების ვეტერანს, ვიცე-პოლკოვნიკ დავით მარტიაშვილს:
– ჩემთვის უკრაინის საკითხი სულ ერთი არ გახლავთ, მაგრამ საქართველოს (როგორც ჩემი სამშობლოს) გარეშემო მოვლენები უმნიშვნელოვანესია და გუშინდელ სამიტზე საქართველოს ერთი სიტყვითაც არ ხსენებამ (ისევე როგორც შვეიცარიის სამიტის დროს) დამარწმუნა ჩემს ჩემი ვარაუდების სისწორეში.
კერძოდ კი იმაში რომ, საქართველოს გარეშემო კულუარებში ყველაფერზე მოლაპარაკებებული და გარკვეულია, ხოლო სადავო ტერიტორიები კი გადანაწილებულია ამერიკასა და რუსეთს შორის. საქართველო ხელისუფალთა უგუნურმა პოლიტიკამ და ქვეყნის ინტერესების ღალატმა სახელმწიფოებრიობა დაგვაკარგინა.
ამის დამალვა დღევანდელი ხელისუფლებისათვის სულ უფრო რთული ხდება. სამწუხაროდ, როგორც ჩანს უკრაინა დღეს სწორედ იმ საკუთარი ქვეყნის საზიანო გზას დაადგა რომელიც საქართველომ უკვე გაიარა და რომელმაც მიგვიყვანა ტერიტორიებისა და სუვერენიტეტის დაკარგვამდე.
ვერ გეტყვით რამდენად გაიაზრებს უკრაინელი ხალხი ჩვენ შეცდომებს. ფაქტია – ისინი აქამდე ჩვენს შეცდომებს ნაბიჯ-ნაბიჯ იმეორებენ!
– კერძოდ, რომელი შეცდომა გაქვთ მხედველობაში?
– როცა ყალბი პროპაგანდით გაბრუებულები ავყევით აუხდენელ ოცნებებს, მოყვრის ნიღაბს ამოფარებული ამერიკის პირად ინტერესებს, რასაც ჩვენი ქვეყანა და უძველესი ქართველი ერი შევწირეთ!
ჩვენ თუ არ შევიგნეთ დღევანდელი ჩვენი რეალური მდგომარეობა რომ, ქვეყნის ერთი ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულია, მეორე ნაწილი – ამერიკის მიერ კოლონიზებული, მესამესთვის კი, თურქეთის ლიდერი, ერდოგანი კბილებს ილესავს, აშკარად მზარდი პრეტენზიებით.
ასეთ ფონზე სრულიად შესაძლებელია, სამშობლო საერთოდ დავკარგოთ, რადგან მუდმივად ასეთ ფორმალურ მდგომარეობაში არავინ გვამყოფებს მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში. არ ვიცი პროპაგანდით გაბითურებულ ქართველ ხალხს რამდენად ესმის ის, რომ, ამერიკა ძალიან შორს არის ჩვენგან და მის ინტერესსა და მიზანს არ წარმოადგენს საქართველოს არა თუ ნატოში გაწევრიანება და დემოკრატიის უზრუნველყოფა, არამედ, მისი როგორც მონო ეთნიკური რესპუბლიკის არსებობა და ქართველის როგორც ეთნოსის არსებობაც კი ხელს არ აძლევს და ამის ათასი მაგალითი ცხვირწინ უდევს ჩვენ ხალხს, რომლის დანახვაც არაფრით უნდათ.
ამერიკა მაქსიმუმს რასაც შემოგვთავაზებს და ეჭვი მაქვს, ირიბად დიდი ხნის შემოთავაზებული აქვს უკვე – ეს იქნება მისი პარტნიორის და ნატოს წევრი ქვეყნის -თურქეთის პროტექტორატის ქვეშ საქართველოს შეყვანა!
– არ მგონია, საქართველოს ხელისუფლება ამას დათანხმდეს…
– საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ინტერესები კარგა ხანია აღარ გააჩნია და სერიოზულ დონეზე საქართველოს გარეშემო საქართველოს ჩართულობით აღარავინ საუბრობს.
საქართველოს ხელისუფლებაც და მისი ე.წ. ოპოზიციაც, ჩვენი ქვეყნის მთელი საგარეო პოლიტიკა ემყარება მუდმივ მითითებებსა და ზეწოლას დასავლეთის სხვა და სხვა რანგის პოლიტიკოსებისა და დიპლომატებისგან. ამიტომ, თუ ჩვენ, ქართველი ერი არ გამოვხატავთ ამ მდგომარეობაში ჩვენს ნებასა და პოზიციას, მაშინ უკიდურესად ნეგატიურად დასრულდება ჩვენთვის ყველაფერი.
ძალიან უგუნური უნდა იყოს კაცი, რომ, ამ ხელისუფლებისაგან და მითუმეტეს ნაცებისაგან, ვინც საქართველო ამ მდგომარეობაში ჩააგდო – ელოდოს სახელმწიფოს აღდგენასა და მისი სუვერენიტეტის გაძლიერებას. ქართველ ერს დღეს მოკავშირე გვჭირდება, არც ძმა და არც და ან შეყვარებული, არამედ მოკავშირე და პარტნიორი, რომლებმაც იციან რატომ და რისი გულისათვის თანამშრომლობენ ერთმანეთთან.
პირადი ემოციებით და ისე პრიმიტიულად, ზოგიერთს რომ უნდა, სახელმწიფო არ იმართება და ამის არ გათვალისწინებამ სადაც მიგვიყვანა თავად ხედავთ.
– გამორიცხავთ, რომ საქართველოსგან განსხვავებით, დასავლეთმა უკრაინას მხარი აქტიურად დაუჭიროს და რუსეთთან ახალი ომი უკრაინის ნატოში გაწევრებით ააცილოს?
– დღეს მხოლოდ უგუნურს თუ სჯერა რომ, საქართველოს და თუნდაც უკრაინას, რომელიც ჩვენზე ათჯერ დიდია – ან ნატოში ან ევროკავშირში ვინმე მიიღებს.
დამთავრდა ეს ყალბი ოცნება, დასავლეთის მუდმივი შეშფოთება და აღშფოთება არაფრით დაგვეხმარა არც ჩვენ და არც უკრაინელებს, ჩვენი ხელისუფლებების უგუნური პოლიტიკის გამო თავს დატეხილ ომებში. რამდენი შეშფოთებაც არ უნდა გამოთქვას ამერიკამ, ის ამაზე მეტს ვერ გააკეთებს.
დიახ, პროპაგანდისტული მედია ამას არ იტყვის, მაგრამ ჩვენ ხომ უნდა გვესმოდეს, რუსეთი საკუთარ საზღვრებთან და საკუთარ მიწაზე მოქმედებს, ამიტომ ასი ათასით კი არა, ორასი ათასითაც რომ გაზარდოს არმიის შემადგენლობა, შეშფოთების პოლიტიკას ვერ გასცდება დასავლეთის მოქმედება, ხოლო თუ უკრაინელებს ჩვენსავით გონი არ ეყოფათ და ამერიკის ინტერესებს საკუთარ ქვეყანასა და ერს გადააყოლებენ როგორც ჩვენ გავაკეთეთ, ეს უკვე სხვა საკითხია და ვფიქრობ, იარაღით მომარაგებას დასავლეთი არ დაამადლებს, რათა, რაც შეიძლება დიდი ხანი გაგრძელდეს ხოცვა ჟლეტვა მათ ტერიტორიაზე.
ევროპას ამხელა, თანაც ძლიერი უკრაინა არაფერში სჭირდება და არა ერთხელ გამოჩნდა ეს. ქართველი და უკრაინელი ერების ინტერესებში არ შედის რუსეთთან მუდმივად დაპირისპირებაში ყოფნა და ომი, მაგრამ სამწუხაროდ ხალხის უმრავლესობის ხმა ჩახშულია როგორც საქართველოში ასევე უკრაინაში, სამაგიეროდ, ისმის ერთი მუჭა ამერიკულ გრანტებზე მჯდომი ლიბერალების, თანამედროვე ნეო ფაშისტების ხმა. 2014 წლიდან შემოიღეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და რა ქნეს ამ სანქციებმა, იმუშავეს?
რეალურად შევხედოთ მუქი ფერებისა და შეკვეთილი სტატიების გარეშე. დაიქცა რუსეთის ეკონომიკა და დაიშალა რუსეთი? – არაფერი ამდაგვარი არ მოხდა! პირიქით, ამ 8 წელიწადში უფრო გაძლიერებულ რუსეთის ეკონომიკასა თუ სამხედრო პოტენციალს ვხედავთ და, ეს ფაქტია რომელსაც პროპაგანდა ვერ შეცვლის! უნდა გვესმოდეს – ღმერთმა დაიფაროს რუსეთი დაშლისაგან თორემ, კავკასიაში გაჩენილ ხანძარში ჩავიფერფლებით ისე, რომ, ჩვენი მშველელი არ იქნება არავინ.
– რა გამოდის? საქართველოც და უკრაინაც თამაშგარე მდგომარეობაში არიან?
– დიახ, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის და უკრაინის აღმშენებლობა უნდა გამოეწვია – ამ ქვეყნების გვერდის ავლით ხდება! დავუბრუნდები ისევ რუსეთის მიმართ სანქციებს. დასავლეთის მხრიდან ამ სანქციების პირობებში განხორციელდა ორი უდიდესი პროექტი – თურქული ნაკადი და ჩრდილოეთის ნაკადი 2, რომელმაც გერმანიას უკრაინის გვერდის ავლით მიაწოდა გაზი, ხოლო თურქულმა ნაკადმა კი სამხრეთ ნაკადის დახურული პროექტის კომპენსირება მოახდინა.
ვისაც ცოტათი მაინც ესმის საკითხი, თუნდაც დილეტანტის დონეზე – მიხვდება, რაზეა ლაპარაკი: ერთი მილი ბალტიის ზღვაში ჩაიდო, მეორე კი შავ ზღვაში. არავინ თავისი ქვეყნისა და, მოქალაქეების ბედს სასწორზე არ დადებს უკრაინისა და მითუმეტეს კიდევ ჩვენს გამო, რუსეთს ომს არავინ გამოუცხადებს, ეს ევროპის ინტერესებში არ შედის და ისეთი ქვეყნები, როგორიც საფრანგეთი და გერმანიაა, ამერიკის მუდმივი ზეწოლის ფონზე მაინც ხმამაღლა აცხადებენ რომ, ევროპაში სტაბილურობა რუსეთის გარეშე შეუძლებელია. ამ ფონზე კი საქართველოში, ანუ, იმ ტერიტორიიდან, რომელიც სახელმწიფოც აღარ არის, ერთი მუჭა ამერიკულ გრანტებზე მჯდომი ნაძირლები ტეხენ საომარი რიტორიკით გაჯერებულ ანტირუსულ ისტერიას, თანაც, ამაში იყოლიებენ იდიოტების ჯგუფს!
წელს ასევე, რუსეთმა შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მორიგეობაზე დააყენა 9 მახის სისწრაფის მქონე რაკეტები, ამიტომ ნათელაშვილის ნაირი დოლარებზე აცუნდრუკებული “პატრიოტები” შემდეგში ამერიკას ბალისტიკური რაკეტების განთავსებას როცა მოთხოვენ, დოლარების თვლასთან ერთად ისიც გამოიანგარიშონ, 11 000 მილის სისწრაფით საქართველოსკენ გამოსროლილი რუსული რაკეტა რამდენ წუთში ამოწყვეტს მის ოჯახსაც, თუ რა თქმა უნდა მათი ოჯახები მომავალშიც აპირებენ საერთოდ, საქართველოში ცხოვრებას!
თუ საქართველო რუსეთს არ დაელაპარაკება, თუ არ გაითვალისწინებს და რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს და დასაცლეთის აგრესიული ძალების წაქეზებით რუსეთისთვის ფეხის დადების პოლიტიკას გააგრძელებს, ძალიან მალე საქართველომ, როგორც სახელმწიფომ – შეიძლება არსებობა შეწყვიტოს!
– უდავოდ საინტერესოა, რომ ასეთი მოსაზრება გაქვთ მეომარს, რომელსაც საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ გიომიათ…
– რატომღაც სამოქალაქო ადამიანის უმრავლესობას ომს ნაზიარები ადამიანები ჰგონიათ მუდმივად ომისა და სისხლის ღვრის მომხრეები რაც მცდარი შეხედულებაა. Ჩვენზე უკეთესად მშვიდობის ფასი არ ესმით იმ ადამიანებს, ვინც სოციალური ქსელებიდან მშვიდობაზე გველაპარაკებიან. არც ჩვენზე უკეთესად შეუძლიათ მოწინააღმდეგე მხარესთან საერთო ენის გამონახვა, რადგან სწორედ მათი უგუნური პოლიტიკისა და დიპლომატიის უუნარობის ბრალია ომები.
Დიახ, მე მივიღე მონაწილეობა 30 წლის მანძილზე ყველა ომში რუსეთის წინააღმდეგ! საქართველოშიც და უკრაინაშიც და ვიომე არა იმიტომ რომ ან რუსი ხალხი მეზიზღება ან მათი ქვეყანა, არამედ იმიტომ რომ ჩემი სამშობლო მიყვარს და ვალდებული ვიყავი მის წინაშე ვალი მომეხდა, განსხვავებით – ტელე კამერებთან მჩხავანა თუ საოკუპაციო საზღვართან შარვალ ჩახდილი “ბიჭებისაგან!” გააფთრებული ბრძოლების დროსაც კი იმ აზრზე ვიყავი რომ, რუსეთთან კონფრონტაცია და ომი უგუნურობა იყო და ის საქართველოს დიდი უბედურებას მოუტანდა.
უნდა ვაღიარო, რომ რუსეთმა ბევრჯერ მოგვცა მინიშნება და წინადადება, ეს ომი სხვანაირად დაგვემთავრებინა, მაგრამ შევარდნაძემ სხვა ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას შეწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, 20 ათასამდე დაღუპული და 300 000 ცოცხალი ადამიანის ბედი… ამის გამო შევარდნაძე იყო გასასამართლებელი, მაგრამ ის სააკაშვილმა დაიცვა, ხოლო მისი დაწყებული საქმე კი წარმატებით დაასრულა.
არადა, სამაჩაბლოელ ოსებთან უკვე ისე იყო დალაგებული ურთიერთობა, რომ 2000 წელს თავდაცვის სამინისტროს ნომრებით და სამხედრო ფორმით, ვეტერანების ემბლემით – ფორმაზე რამდენჯერმე ვარ ნამყოფი ცხინვალში. Რაც შეეხება უკრაინას, აქაც როდესაც ომი დაიწყო, სულ 7 უკრაინაში მცხოვრები ქართველი ვიყავით, რომლებმაც ფიცი მივიღეთ და ჩვენ თავზე უკრაინელი ხალხის დაცვის ვალდებულება ავიღეთ. ტელეᲙამერების წინ თავმომწონე ბიჭები მერე გამოჩნდნენ და იმდენად რეგვენები იყვნენ რომ, კითხვაზე: – რატომ გინდათ დაგვეხმაროთ? უკრაინელ ეროვნებით რუსებს პასუხობდნენ: – რუსების ჩასახოცად ჩამოვედით, რუსებთან ჩვენი ანგარიში გვაქვს, ისინი მეზიზღებიან და სადაც ომი იქნება იქ ჩავალთო! Ბევრჯერ მინახავს ასეთი პასუხით დაზაფრული ხალხი, რომლებთანაც შემდეგ დიდი ხანი მჭირდებოდა საუბარი და ახსნა იმის, რომ, მკვლელები არ ვართ და როგორც წესი ასეთ ნაძირლებს წინა ხაზზე ვერ შეხვდებით… თუ არ ჩავთვლით ისეთ თაღლითებს, რომელთა ომში “მონაწილეობა” სამხედრო ფორმაში თავიანთ ფოტოების ფეისბუქზე დალაგებით ამოიწურებოდა, Არავითარ 300 ან 400 ქართველს იქ არ უბრძოლია! Ასეთი “მეომრები” მხოლოდ გვარცხვენდნენ ქართველებს, ეს გრძელი და მტკივნეული თემაა. Ძირითადად ასეთ რამეს სხვა ეროვნების წარმომადგენელი აკეთებდა, რომელიც შემდგომ ქართველობას იბრალებდა.
– გამოსავალს რაში ხედავთ?
– ფულზე და გრანტებზე გაყიდული პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო რეზიდენტული სექტორისგან, ნაც-ქოცებისგან განსხვავებით, ვისთვისაც საქართველო ძარცვა-გლეჯის ასპარეზია, ნამდვილმა მამულიშვილებმა, ვისთვისაც საქართველო მართლა ხატია – ამ სიტუაციაში, როცა ხელისუფლება რუსეთს არ ელაპარაკება – სახალხო დიპლომატიას უნდა მიმართონ.
პირადად მე მხარს დავუჭერ ისეთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც გულწრფელად დააპირებს კონსერვატიული ჯგუფებისა თუ ცალკეული პირების გაერთიანებას საერთო იდეის ქვეშ, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის მიზნით შექმნის „სახალხო დიპლომატთა კლუბს“ ან რაიმე მსგავს მოძრაობას და არ შემოიფარგლება მხოლოდ ფრთიანი ლოზუნგებითა და პირადი მიზნებისა და დივიდენდების მიღებით! დიახ, მხოლოდ რუსეთთან სასწრაფოდ ურთიერთობის მოგვარებით არის შესაძლებელი, ქართველი ერი გაუმკლავდეს მოძალებულ გარე თუ შიდა სარეველას, რომელიც ანადგურებს საქართველოს!
ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: თვალსაზრისი.ჯი