სააკაშვილის საპატიმროში ყოფნა მუდმივი დესტაბილიზაციის საფუძველი იქნება – მანჯგალაძე

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს, გამოსავალია ეს – სხვა მხრივ, სააკაშვილის საპატიმროში ყოფნა მუდმივი რყევების საფუძველი იქნება.

პარლამენტის უფრაქციო წევრის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნა მუდმივი დესტაბილიზაციისა და რყევების საფუძველი იქნება.

ამასთან, როგორც მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლების მიერ ანგარიშსწორების დაუსრულებელი ციკლი უნდა დასრულდეს.

– „სავალდებულო არ არის, ყველა ყველას შეურიგდეს, ყველა გვიყვარდეს და კეთილგანწყობილი ვიყოთ. ჩვენი მოქალაქეების ვალდებულებაა, არ გვინდოდეს ერთმანეთის განადგურება და დევნა განსხვავებული აზრის გამო. ასეთი პრეცედენტები მსოფლიოში ყოფილა, როცა მხარეები თანხმდებიან, რომ ქვეყანაში პროცესების ასე გაგრძელება არ შეიძლება და ფუნდამენტურ საკითხებზე თანხმდებიან. არავინ არავის არაფერი უნდა აპატიოს, არ უნდა შეურიგდეს, ჩვენ სამართლებრივი დოკუმენტი გვჭირდება, რათა მომავალში არ იყოს პოლიტიკური ნიშნით დევნა და ანგარიშსწორება პოლიტიკური ლიდერების მიმართ. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოხდეს, რადგან სასამართლო არ არის თავისუფალი. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, როგორც არბიტრმა, მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს. გამოსავალია ეს! სხვა მხრივ, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნა მუდმივი დესტაბილიზაციის და რყევების საფუძველი იქნება” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

წყარო: itv.ge