შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კვლავ რობერტ სტურუა დაინიშნა

კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დაინიშნა, ხოლო 4 თეატრში ამ პოზიციებზე კონკურსი გამოცხადდა.

თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი გელა კანდელაკი, ხოლო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რობერტ სტურუა დაინიშნენ.

სამივე მათგანი ამავე თეატრების მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელია და ამ პოზიციაზე ყოფნის ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს ეწურებათ.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კულტურის მინისტრმა პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მეათე მუხლის მერვე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოიყენა დისკრეციული უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ, უკონკურსოდ, დაენიშნა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები.

ამასთან, დღესვე ბრიფინგზე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-10 პუნქტისა და სარეკომენდაციო საბჭოს დებულების საფუძველზე, 4 თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი ცხადდება. ესენია: გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის დრამატული თეატრი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.

სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ასევე გამოცხადდა, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიმდინარე წლის 6 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს ახალი დებულება.

ახალი დებულების თანახმად, კონკურსს აცხადებს სამინისტრო, ხოლო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.

სამინისტროსათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ: თეატრალური, ან მუსიკალური (ოპერისა და ბალეტის თეატრის შემთხვევაში) საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ან თეატრალური, ან მუსიკალური (ოპერისა და ბალეტის თეატრის შემთხვევაში) საქმიანობით დაკავებული პირებისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით.

«კანდიდატი ვალდებულია, წარადგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია, რომელშიც, სხვებს შორის, უნდა ახსნას, თუ როგორ ხედავს ის თეატრის განვითარებას; თეატრის გარედან მოწვეული ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლების შეთავაზებას საზოგადოებისათვის; თეატრის მეშვეობით ახალგაზრდა მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგების, თეატრის მხატვრებისა და სხვა პროფესიონალების ხელშეწყობას; თეატრის მონაწილეობას მოცემული ქალაქისა და რეგიონის კულტურულ და სოციალურ განვითარებაში და სხვ.

თითოეული კანდიდატი საკონკურსოდ წარადგენს 4-წლიან სამოქმედო გეგმას და სამოქმედო პროგრამას, რომლის შესრულებაზეც კანდიდატი სახელმწიფოს წინაშე იღებს ვალდებულებას.

საკონკურსო განაცხადები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 2 კვირის ვადაში, სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge, ელექტრონული ფორმით.

სამინისტრო, წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.

სამინისტრო უფლებამოსილია, მის მიერ საბჭოსათვის კანდიდატთა სიის წარდგენამდე, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არცერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად.

სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, კონკურსის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს მინისტრს შერჩეული კანდიდატი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში 29 თეატრი მოქმედებს. მათგან, 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს 2022 წლის 1 იანვარს გასდის უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა. დღეს გამოცხადდა კონკურსი 4 პოზიციაზე, 3 პოზიციაზე დაინიშნენ სამხატვრო ხელმძღვანელები, ხოლო დანარჩენ 14 თეატრში კონკურსები ეტაპობრივად გამოცხადდება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.