სიმტკიცე ყველაზე კარგი პასუხია უსამართლო და პოლიტიზირებული დევნის მიმართ

სიმტკიცე ყველაზე კარგი პასუხია უსამართლო და პოლიტიზირებული დევნის მიმართ – რეპრესიები გაგვამტკიცებს და გაგვაძლიერებს.

სიმტკიცე ყველაზე კარგი პასუხია უსამართლო და პოლიტიზირებული დევნის მიმართ. მზად ვართ, ნებისმიერი გამოწვევისთვის – რეპრესიები გაგვამტკიცებს და გაგვაძლიერებს – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სხდომა გაიმართება.

როგორც ბადრი ჯაფარიძე განმარტავს, ბრძოლა გაგრძელდება, რათა საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა და პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს.

„ჩვენ იმას ვიტყვით, რასაც ადგილი ჰქონდა. ჩვენ მოვახერხეთ, რომ რუსეთის არმიის შემოჭრის მიუხედავად გადაგვერჩინა ინსტიტუტი და მეანაბრეების თანხები. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პროკურატურას და მართლმსაჯულებას უნდა გაუკუღმართებულად წარმოაჩინოს. შესაბამისად, ჩვენ ამას ვამხელთ.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სიმტკიცე ყველაზე კარგი პასუხია უსამართლო და პოლიტიზირებული დევნის მიმართ. სამი წელია, რაც ეს აღმაშფოთებელი პოლიტიკური დევნა გრძელდება. მზად ვართ, ნებისმიერი გამოწვევისთვის. პირიქით, რეპრესიები გაგვამტკიცებს და გაგვაძლიერებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა და პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს“ – აღნიშნავს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძე დაიკითხება. პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენებას მამუკა ხაზარაძე მისცემს.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

წყარო: itv.ge