უახლოეს დღეებში 3+3 ფორმატის წინასწარი სხდომა უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. ამასთანავე ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ ფორმატი 3+3 კი არა, არამედ 3+2 იყოს.
მისი ინფორმაციით, შეხვედრაში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა.
„თუ არ ვცდები 10 დეკემბერს ფორმატის «3+3» ან «3+2»-ის შეხვედრა გაიმართება. სომხეთის მხრიდან სხდომაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიიღებს მონაწილეობას. სხდომაზე გადაწყდება მომავალი მოქმედებები და ფორმატის გაგრძელება პირველი სხდომის შედეგებზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა ფაშინიანმა.
3+2 რეგიონულ ფორმატზე საუბრისას ფაშინიანს სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი და ირანი ჰქონდა მხედველობაში. საქართველოს წარმომადგენლებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ამ რეგიონულ პლატფორმაში მონაწილეობას არ აპირებენ.
სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი 3+3 ფორმატით დაინტერესებულია, თუ ამ მოედნებზე იმ საკითხების განხილვა არ მოხდება, რაც სხვა ფორმატებშიც განიხილება.