ადუღებული ეკონომიკა, მეგის ლექსიკა და სვან ქალთა ჭიდილი

ადუღებული ეკონომიკა, მეგის ლექსიკა და სვან ქალთა ჭიდილი.

ეკონომიკა რომ დუღს და მისი სიკეთეები გადმოგვდის თავს ზემოთ, ამის გამო ათასი მადლობა ხელისუფლებას, თავისი მეხოტბე მედიითურთ, ასევე მადლობა ოპოზიციასა და იმ პრესას, რომელიც ყოველდღე გვახსენებს, რომ აპოკალიფსია ჩვენს თავს და ვერ ვხვდებით. პოლიტიკური ესქატოლოგია, როგორც პოლიტიკოსების შესაძლებლობა, თითქოს მათ გარეშე ამოვწყდებით, ისე მუშაობს ჩვენზე, რომ საბჭოეთიდან გამოსული არც მგონია საქართველო! საბჭოეთზე უარესია პოლიტიკურად აჟიტირებული დაბალი რგოლის მოსმენა. მოვსწრებივარ ბრეჟნევიადას და მის შემდგომ საბჭოეთის “რიტორიკას”, მაგრამ მაშინ ამნაირი წყევლა-კრულვა სად იქნებოდა: “მეგობრებო, არ გაგიკვირდეთ, თუ ორი კვირა ვერ მნახავთ აქციებზე, იზოლაციაში გადავდივარ, ჩემს დიდ ოჯახს კორონა დაატყდა თავს (ამ ეტაპზე სიძეს დაუდასტურდა). არ ვიცი, მე თუ დამიდასტურდება, როგორ გადავიტან, რადგან ქრონიკული ვარ… არ გაიხარე, ივანიშვილო, ამოწყდით “ქოცებო”, ჩაგიშხამდეთ ყველა დღესასწაული, ჩემი ხალხის გენოციდის მოწყობისთვის, ჭირმა გაგწყვიტოთ! (აცრილები ვართ)”. ამ სასწაულებრივი სიტყვების ავტორი გახლავთ მეგი გოცირიძე, რომელსაც არც ერთი თანაპარტიელი არ ეუბნება, რომ ქრონიკული მიშიზმითაა დაავადებული!

მეგის “ფეისბუკ”-პოსტზე ისეთი სიტყვებითაა მიწერილი “კოვიდისგან” გამოჯანმრთელების სურვილები, მათ შორის პოლიტიკოსების მხრიდან, რომ ვეღარაფერს დავუმატებ, თუმცა, თვალი ვერ მოვკარი სურვილს, სადაც მისი ბილწსიტყვაობის თუ წყევლა-კრულვის დაგმობაზე იქნებოდა აქცენტი გაკეთებული! საერთოდ, პოლიტიკოსთმოსაობა ცრურელიგიის დონეზე მხოლოდ იმიტომაა აყვანილი ჩვენში, რომ განათლება გვაკლია! განათლება რომ გვაკლია, ამის ინდიკატორი გამოცდაჩაუბარებელი მასწავლებლების რაოდენობაცაა (მართალია, არც გამოცდაჩაბარებულთა მოსწავლეები ბრწყინავენ, ჩვენდა დასანანად!) და რა აღარ უკავშირდება განათლებას? ჩვენი უბედურების სათავე გაუნათლებლობაა, თორემ გიგა ბოკერიას რა უფლება აქვს, რომ გვმოძღვრავს, რა უნდა ეწეროს სახელმძღვანელოში? ისაო, ესაო, ძალიან ფრთხილად ვუყურებ სკოლის ასაკის ბავშვებისთვის სახელმძღვანელოებში მიმდინარე პოლიტიკური ამბების სწავლებას, იმ ტიპის უახლესი ისტორიის მონაკვეთის, რომელიც დღესაც პოლიტიკური მწვავე დაპირისპირების ან განსჯის საგანიაო. დაიცათ, 2008 წლის ომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ფარული განდიდების აქტები გინდათ გაჩვენოთ სკოლებში, ბატონო გიგა? თუ უჩვენებლადაც გახსოვთ?! როდის აქეთ გახდით განათლების სპეციალისტი თუ ანალიტიკოსი? მის შემდეგ, როცა ერთი კლასის ისტორიის წიგნში ივანიშვილი დაინახეთ? სახელმძღვანელოს, რომელსაც ათასნაირად განჩხრიკავენ ხოლმე, თქვენი აზრით, რუსული პროპაგანდის ტერმინებით წერენ? უფრო მეტის თქმის უფლებაც გაქვთ, რამეთუ ვიღაც ქოცთაგანმა ამ წიგნის მოცემულ ნაწილზე თქვა, ბიძინასთან დაკავშირებით რაც არის აქ, არაა საკმარისი და სრულად არ ასახავს იმ საქმეებს, რაც ივანიშვილმა გააკეთაო. თურმე, ნუ იტყვით და, 2012 წელს, როდესაც ქართველ ხალხთან ერთად წელში გადატეხა რეჟიმი და გააგდო მმართველობიდან, ესეც უნდა ეწეროს და კიდევ ისიც დაგვემატებინა, როგორ მოიყვანა ათასი მედროვე ხელისუფლებაში, რომელთა ნაწილი უკვე უკმაყოფილოა პირიდან მსუყე ლუკმის გამოძრობის გამო!

ამასობაში მთავარი განზე გვრჩება: ფიქრი უკეთეს მომავალზე. რაც უფრო მეტი ჟინით დავწერ უკეთესი ცხოვრების სურვილზე, მით მეტად ღიზიანდებიან პოლიტიკოსები, რადგან მათი ბრალია ყველა უბედურება, რაც თავს დაგვტეხია! ბიძინას ბრალია ამ უნიათოების აღზევება, ამ უნიათოების ბრალია, მიშა რომ გვაყვედრის თავის მმართველობასა და სახელმწიფოს აღმშენებლობას (რა ააშენა, ეგ გამაგებინა ოღონდაც და, რა დააქცია, მაგას კი ჩამოგითვლით სხაპასხუპით!). და კიდევ, ეკონომიკა ისე რომ ადუღდა, პირი დაგვფუფქა!

პ.ს. ერთი “კოვიდი” და მეორე ეს პოლიტიკოსები რომ მოგვაშორა, იქნებოდა ჩვენნაირი ბედნიერი სადმე ერი? ჩარკვიან-წულუკიანის კინკლაობა და მისი მსგავსი ამბები აღარ გვინდა, რაღაც უკეთესი გვსურს!

წყარო: newposts.ge