ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, რომელსაც განდიდების მანია სჭირდა და სჭირს ახლაც – ამის შესახებ ყოფილმა პარლამენტარმა ზაზა პაპუაშვილმა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
“ვერასოდეს შეძლებენ ხალხის იმ ნაწილის შეგროვებას, რომელიც რევოლუციას მოაწყობს და მიშას ხელისუფლებაში დააბრუნებს. სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეიძლება. ის არ შეცვლილა. უბრალოდ, საღებავი გადასდის, “შპაკლი” სცვივა, თორემ ზუსტად იგივეა, რაც იყო. კაცს დანაშაულების ამხელა ტვირთი აწევს მხრებზე და წამითაც არ უფიქრია მონანიებაზე, “გადაცდომას” უწოდებს მკვლელობებს.
ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, რომელსაც განდიდების მანია სჭირდა და სჭირს ახლაც. ეს მის გაუწონასწორებელ ფსიქიკაზე მეტყველებს. კაცმა წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადა და რუსთაველზე გამარჯვება იზეიმა, ამ დროს კი სამაჩაბლოში დახოცილი ბიჭები უპატრონოდ ეყარნენ, მთელ თბილისში აწიოკებული, სახლკარდაკარგული ლტოლვილების ტევა არ იყო. კაცს რომ დაკარგული მიწისა და დახოცილი ჯარისკაცების გამო ტკივილის განცდის ნაცვლად ცეკვა-თამაშის სურვილი გაუჩნდება, სამარცხვინოა და ეროვნული ღირსების დაცემაზე მეტყველებს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.