„კოსტუმები და ბოტოქსები სააკაშვილს ღმერთმა მოახმაროს, ამის გამო ხმასაც არ გავცემდი“ – გივის ექსპრეზიდენტი არ სძულს და ღარიბაშვილი მოსწონს

მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე, როგორც ყოველთვის, დაუფარავად საუბრობს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. ამჯერად მან საკუთარი შეხედულებები ჟურნალ “გზას” გაუზიარა:

“არანაირი სიძულვილი არა მაქვს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. ზოგს ის ეჯავრება, ზოგს თავის კერპად მიაჩნია, მე კი, ლოიალურად ვარ განწყობილი. მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ თანამედროვე, ცივილური მართლმსაჯულება, პროკურატურა და სასამართლო გვაქვს, მაშინ საქართველოში განსაკუთრებული პატიმარი არ უნდა არსებობდეს. პატიმარი პატიმარია და ნებისმიერმა მსჯავრდადებულმა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი, ოღონდ, ერთი პირობით – სიმართლემ უნდა იზეიმოს…

ჩემი ნება რომ იყოს, მარტო კოსტიუმების შეძენის, ბოტოქსის ან სამედიცინო პროცედურების გამო, ყოფილ პრეზიდენტს ხმასაც არ გავცემდი, ღმერთმა მოახმაროს! რატომ? – მას დაშლილი ქვეყანა ჩაბარდა, რომელსაც ფეხზე დაყენება სჭირდებოდა და ის ამას ცდილობდა, მაგრამ მის მმართველობას ერთი სერიოზული ხარვეზი ჰქონდა: სააკაშვილმა შექმნა კანონები, რომელიც მერე თვითონვე დაარღვია, არადა, კანონი მაშინ არის კარგი, როცა მას ყველა იცავს…

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რომელიც ვიღაცებს არ მოსწონთ, მე მომწონს. მისი გაკეთებული საქმეებიც მომწონს, რადგან ყველაფერში თავის გულს და ჯიგარს დებს. თანაც, ღარიბაშვილი ის კაცია, რომელმაც საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება არ დაუშვა. ამის გამო ის ჩემთვის იდეალური პრემიერი და კარგი ადამიანია…” – განაცხადა სიხარულიძემ.