პარლამენტია ის ადგილი, საიდანაც დისკუსია და დიალოგი უნდა დაიწყოს – ვერ დაგვეხმარება ვერავინ თუ ყველა პოლიტიკური აქტორისგან ნება არ იქნება.
ყველა პოლიტიკოსმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ საქართველოს პარლამენტი არის ადგილი, საიდანაც უნდა დაიწყოს დისკუსია და დიალოგი, ამაში ვერ დაგვეხმარება ვერავინ თუ ნება ყველა პოლიტიკური აქტორისგან არ იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ შარლ მიშელის, ჯოზეფ ბორელის და ოლივერ ვარჰელისადმი შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე შეფასებით, კარგია, რომ პოლიტიკოსები მიმართავენ სხვადასხვა ფორმატს და შესაძლებლობას, რომ ხმა მიაწვდინონ და მოუწოდონ ჩვენ პარტნიორებს მათი პოზიციების გატარებისკენ.
„ფაქტი ერთია- ყველა პოლიტიკოსმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ საქართველოს პარლამენტი არის ადგილი, საიდანაც უნდა დაიწყოს დისკუსია და დიალოგი, ამაში ვერ დაგვეხმარება ვერავინ თუ ნება არ იქნება ყველა პოლიტიკური აქტორისგან, რომ ჩვენ ვიპოვოთ საერთო ენა და ის კონსენსუსი, რომელიც სჭირდება საზოგადოებას. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ საპარლამენტო ფორმატი გამოიყენონ, იმუშაონ თავიანთი უფლება-მოვალეობის შესრულებისთვის პარლამენტში და შეეცადონ იყვნენ უფრო მეტად კონსტრუქციულები და ორიენტირებული შედეგზე“ , – განაცხადა კუჭავამ.
ცნობისთვის, 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელს მიმართავენ და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. წერილში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს, ქმნიან გადაულახავ დაბრკოლებებს წინსვლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე და ძირს უთხრიან ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს განამტკიცოს ევროპული მომავალი. წერილში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ ევროკავშირი გამოიყენებს EAP-ის მომავალ სამიტს, როგორც შესაძლებლობას შეახსენოს საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესახებ. წერილის თანახმად, “პირობითობის” მექანიზმის გამოყენება, შესაბამისი დახმარების გამოყოფისას, არის ერთადერთი გზა საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად და ქვეყნის იმ საგარეო პოლიტიკურ არჩევანთან დასაბრუნებლად, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი უჭერს მხარს.
წყარო: itv.ge