ხუხაშვილი – პროფესიული ნიშნით რომ ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება, ტიკარაძე …

ხუხაშვილი: პროფესიული ნიშნით რომ ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება, ტიკარაძე …

პროფესიული ნიშნით რომ ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება, ტიკარაძე არა თუ დიდი ხნის გასათავისუფლებელი იყო, არამედ საერთოდ არ უნდა დაენიშნათ ჯანდაცვის მინისტრად, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეკატერინე ტიკარაძე იმ თანამდებობას, რომელსაც იკავებდა, არანაირი პარამეტრით არ აკმაყოფილებდა.

ხუხაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდში საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შიდა ნდობას შეექმნა პრობლემა ან ვინმე ინტრიგის მსხვერპლი გახდა.

– „სამწუხაროდ, ჩვენ ხელისუფლებაში არ მიიღება იმ სტანდარტით ასეთი გადაწყვეტილებები, რა სტანდარტიც სახელმწიფო მმართველობას უნდა ახასიათებდეს. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ ხელისუფლებაში არც პროფესიული ნიშნით, არც პასუხისმგებლობის ნიშნით არ ხდება საკადრო გადაწყვეტილების მიღება. თუ შიდა ნდობას შეექმნა რამე პრობლემა ან ინტრიგის მსხვერპლი გახდა ვიღაც, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება.

ვერსიებზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ სახელმწიფოებრივად ამას რა მნიშვნელობა აქვს, ვის და ვის შორის რომელმა კატამ გაირბინა? მთავარი მანკიერება და მთავარი პრობლემა გახლავთ ზუსტად ის, რომ საკადრო გადაწყვეტილებები არ მიიღება კონკრეტული პასუხისმგებლობის ან პროფესიული შეუსაბამობის მიხედვით. ამ ტიპის გადაწყვეტილებები რომ მიიღებოდეს და პროფესიული ნიშნით, რომ ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება, ტიკარაძე არა თუ დიდი ხნის გასათავისუფლებელი იყო, არამედ საერთოდ არ უნდა დაენიშნათ ჯანდაცვის მინისტრად“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

წყარო: itv.ge