უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მას განუცხადა, რომ რუსეთმა პირობა დადო, უკრაინის ირგვლივ ესკალაციას აღარ გააგრძელებს.
„გზავნილი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისგან მივიღე, არის ის, რომ რუსეთმა დაარწმუნა აშშ და მთელი მსოფლიო, რომ არ აპირებს ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიებზე ესკალაციის გაგრძელებას. ვფიქრობ, ეს შესაძლოა, მცირე და არასაბოლოო, თუმცა მაინც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია”, – განაცხადა ზელენსკიმ უკრაინულ ტელეკომპანია „1+1“-თან ინტერვიუში.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებით, მასსა და ჯო ბაიდენს შორის მოლაპარაკებისას საუბარი კომპრომისებზე არ ყოფილა.
„არანაირ კომპრომისებზე არ გვისაუბრია. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ აშშ-ის დახმარებით, ჩვენ შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის კიდევ ერთი პლატფორმა გაგვიჩნდეს”, – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ვლადიმერ ზელენსკიმ და ჯო ბაიდენმა ტელეფონით 9 დეკემბერს ისაუბრეს.