აშშ-ში პატიმრობა ემუქრება ქალს, ვენდი ვეინს, რომელიც ყოფილი ქმრის მოსაკლავად, 2020 წლის ივლისში, მკვლელს ინტერნეტით ეძებდა, – ამის შესახებ CNN-ი წერს.
ქალმა ინტერნეტში აღმოაჩინა ვებგვერდი Rent-A-Hitman, რომელიც მოქალაქეებს „ფარულად და დროულად, დელიკატურ სიტუაციებთან გამკლავებას“ ჰპირდება.
ვებგვერდზე მითითებულია, რომ 18 ათასამდე თანამშრომელი ჰყავთ და ისინი, აშშ-ის ნებისმიერ წერტილში ასრულებენ სამუშაოს. ქალმა ვებგვერდზე სპეციალური ფორმა შეავსო, ყალბი მონაცემები მიუთითა და კონსულტაცია მოითხოვა.
კომპანიიდან მას გამოეხმაურა კაცი, რომელიც გვიდო ფანელის სახელით გაეცნო. ქალმა მას ყოფილი ქმრის მოკვლა სთხოვა და ამისთვის $5,000 შესთავაზა. ვეინსმა მკვლელობის სასურველი ფორმა – „ქამრით გაგუდვაც“ დააკონკრეტა.
აღმოჩნდა, რომ კაცი, რომელსაც მან მისწერა, სინამდვილეში, კალიფორნიელი ბობ ინესია. სწორედ ის მართავს ვებგვერდს და მისი მიზანია, გამოააშკარაოს ადამიანები, რომლებიც დაქირავებულ მკვლელს ეძებენ.
როგორც ირკვევა, ის არაა პირველი, ვინც ვებგვერდს ქილერის დასაქირავებლად მიმართა. წინა შემთხვევებში, საიტისთვის მიწერა საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა ამ პირების დასაპატიმრებლად. გამოძიება ვენდი ვეინის საქმეზეც დაიწო.
ბობ ინესი ჰყვება, რომ სამართალდამცველებს პირველივე შეტყობინების მიღების შემდეგ არ უკავშირდება. „მე მათ 24 საათს ვაძლევ, შემდეგ, ისევ ვწერ და ორ კითხვას ვუსვამ: „ისევ გჭირდებათ ჩვენი მომსახურება? გსურთ დაგაკავშიროთ ჩვენს საველე თანამშრომელთან?“. თუ ისინი ორივე კითხვაზე დადებით პასუხს მეუბნებიან, მათ სამართალდამცველებთან ვაკავშირებ“, – ამბობს ის.