დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე 1995 წელს საკუთარ ოჯახში მომხდარ ტრაგედიას იხსენებს, რა დროსაც, მისი შვილი საცოლესთან ერთად ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მათ გარდაცვალებამდე 2 დღით ანათქვამი ჰქონდათ, რომ ოჯახის შექმნას აპირებდნენ.
„2 დღით ადრე ჩვენთან იყვნენ, როცა ოჯახს თავიანთი მიზნები გაუმხილეს, 2 კვირის შემდეგ ნიშნობა უნდა ყოფილიყო, მაშინ რთული პერიოდი იყო, კახეთის გზაზე პატარა სახლში გვქონდა, ხაშმის მოპირდაპირე მხარეს, რამდენჯერმე გაქურდეს, იქ დადიოდა ხოლმე ჩემი შვილი.
იქიდან მომავლებს მოუხდათ ეს მძიმე ავარია. ის გადაეფარა, მაგრამ საჭესთან ხომ ჩემი შვილი იჯდა. ამან ჩვენს ოჯახს ძალიან დიდი დამღა დაასვა. მე ვცდილობ, რომ ეს ჩემი და ჩემი მეუღლის ტვირთი იყოს. ეს ძალიან მძიმე ტრაგედიაა, რაც მაშინ, 1995 წელს ჩვენს ოჯახებში მოხდა. თუმცა, სიკეთემ, მათმა სიყვარულმა მაინც დასძლია ყველაფერი, რადგან პირველ ეტაპზე, შეიძლებოდა, მტრად მოვკიდებულიყავით ერთმანეთს, მაგრამ იქიდანაც და ჩვენი მხრიდანაც, იმდენი ურთიერთგაგება ჩამოყალიბდა.
თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ახლა ჩვენ რა ურთიერთობა გვაქვს! არა მარტო ჩვენ, დედებსა და მამებს, არამედ მათ შვილებს, შვილიშვილებსა და ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, მთლიანად, დიდ სანათესავოს. შემდეგ ამ ურთიერთობამ თითქოს, როგორღაც გაადვილა მერე ცხოვრებაც. თუ შეიძლება, რომ ჩვენს ცხოვრებას ადვილი ერქვას. მას შემდეგ მე უფრო მეტად პროფესიულ საქმიანობაში გადავერთე. ამით ვიქარვებდი შემდეგ ყველაფერს.
ჩვენ, ორი ოჯახი ისეთივე ერთიანები ვართ, როგორც მძახლები არიან. სამწუხაროდ, ქორწილი ვერ მოესწრო, ისინი ერთად არიან დაკრძალული, ჩვენ ორი ოჯახი – გამყრელიძეებისა და ტუღუშების, ერთიანი ოჯახია. დღემდე ყველაზე ნათესაური კავშირი ამ ოჯახთან მაქვს.
მას შემდეგ ჩემი მეუღლე საკმაოდ ეკლესიური გახდა, ასევე დოშას დედაც… მათ დაბადების დღეებზე ერთად ვიკრიბებით“, – განაცხადა გადაცემაში “ნოესთან” გამყრელიძემ.
“რეზონანსი”