თიბისის მხარდაჭერით აჭარული ნაქარგობის პროექტი ხორციელდება …

14-16 დეკემბერს თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართება აჭარული ნაქარგობის პროექტის პრეზენტაცია. პროექტი რამდენიმე კომპონენტს აერთიანებს:

ქართველი ფოტოხელოვანის ირმა შარიქაძის დოკუმენტურ ფილმს „აჭარული მზითვის ფერი“, რომელიც გადაღებულია თიბისის მხარდაჭერით; ირმა შარიქაძის აჭარული ნაქარგობის თემაზე გადაღებული ნამუშევრების ფოტოგამოფენას და პანელურ დისკუსიებს, რომელთა მთავარი თემები იქნება ქალთა გაძლიერება რეგიონში და ქართული ნაქარგობა, როგორც ხელოვნება.

ირმა შარიქაძის დოკუმენტური ფილმი, რომლის გადაღებას წინ უძღოდა ექსპედიცია ზემო აჭარაში, წარმოადგენს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სრულიად უცნობი თემის, აჭარული ნაქარგობის პროექტის შემადგენელ ნაწილს, რომელსაც ფილმის ავტორი 2019 წლიდან იკვლევს. ფილმის ავტორი გვიყვება მაღალმთიანი აჭარაში მცხოვრები ქალების ხელსაქმის შესახებ, რომელიც არა მარტო აჭარის, არამედ ქვეყნის კულტურული ტრადიცია და საგანძურია.

აჭარული ნაქარგობა ქართული ტრადიციული რეწვის ხელოვნების ერთერთი უმნიშვნელოვანესი თემაა, რომელიც დღეს დაკარგვის საფრთხის წინაშეა. კულტურის გავრცელების არეალი მოიცავდა აჭარას და სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს იმ სოფლებს, სადაც აჭარლები არიან განსახლებული. აჭარულმა ნაქარგობამ, როგორც აჭარელი ქალის ყოველდღიურობის განუყოფელმა ნაწილმა, თავისი მნიშვნელობა დაახლოებით 30 წელია რაც დაკარგა.

ფილმი “აჭარული მზითვის ფერი” წარმოადგენს ერთგვარ მანიფესტს, მაღალმთიანი აჭარის მცხოვრები ქალების ხმას, ვინაიდან ნაქარგობის შექმნის ეს ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა სწორედ ქალის ხაზით. აჭარელი ქალის სამზითვო ნაქარგობა წარმოადგენს ხელოვნების ისეთ ფორმას, რომლითაც თავისუფლად შეიძლება საქართველოს წარმოჩენა სრულიად ახალი რაკურსით მსოფლიო კულტურის წინაშე.

2020 წელს, აჭარულ ნაქარგობას მიენიჭა ქართული არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი და ამით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა ამ უნიკალური და მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ტრადიციის შენარჩუნების და აღორძინებისთვის.

თიბისისთვის, როგორც პროექტის მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს ქართული ტრადიციული ხელოვნების დარგის გადარჩენას და აღდგენას. ამასთანავე, თიბისი, როგორც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია, განსაკუთრებულ ღირებულებას ხედავს
აღნიშნულ ინიციატივაში რეგიონში მცხოვრები ქალების გაძლიერების მხრივ.

წყარო: itv.ge