მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან პოლარიზაციის შემცირებაზე — სტოლტენბერგი ღარიბაშვილს

ნატოს გენერალურ მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს შიდა რეფორმები და წლიური ეროვნული პროგრამის იმპლემენტაციის საკითხი.

“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედიის თავისუფლებაზე და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულებაზე მუშაობა გაგრძელდეს. მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან პოლიტიკური განსხვავებების გადასაწყვეტად და პოლარიზაციის რიტორიკის და აქტივობების შესამცირებლად”, — განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ნატო საქართველოსგან დემოკრატიული სტანდარტების ერთგულებას ელის.

ნატოს გენმდივნის თქმით, ნატო საქართველოსგან ელის  დემოკრატიული სტანდარტების გაძლიერებას და მხარს უჭერს მის თავისუფალ არჩევანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის თაობაზე.

იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს მოუწოდა, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება.

“დღეს ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების სიტუაცია რეგიონში, რუსეთის ჯარების განლაგების ჩათვლით უკრაინაში და მის საზღვრებთან და რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობები შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ნატო უნდა იყოს ფხიზლად და და თავიდან აიცილოს ესკალაცია. ნებისმიერ მომავალ რუსულ აგრესიას ძვირი ფასი ექნება და რუსეთისთვის სერიოზულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს გამოიწვევს.

საქართველოს და უკრაინას აქვთ უფლება, აირჩიონ ალიანსები და რუსეთს არ აქვს უფლება, რომ უკარნახოს არჩევანი. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ იდეას გავლენის სფეროების შესახებ ევროპაში. ეს ისტორიის ნაწილია და ასეთად უნდა დარჩეს. ნატო გააგრძელებს ძლიერი პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას პარტნიორების მიმართ. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე”, — განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მან ისაუბრა ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუეაციაში საქართველოს როლზე და თქვა, რომ საქართველო ნატო-ს უახლოესი პარტნიორია.

 

“ნეტგაზეთი”