15 დეკემბერს, აშშ-ში ქართველი ახალგაზრდა, 27 წლის ქაქუცა კლდიაშვილი გარდაიცვალა. ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტების ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ცნობილი ქართველი მწერლის, დავით კლდიაშვილის შთამომავალია.
“კიდევ ერთი კარგი ახალგაზრდა, კარგი შვილი, კარგი მეუღლე, კარგი მამა, კარგი მეგობარი და დიდი დავით კლდიაშვილის შთამომავალი წავიდა იმ ქვეყნად. ვუსამძიმრებთ ქალბატონ თამარ ღოღობერიძეს შვილის, ქაქუცა კლდიაშვილის გარდაცვალების გამო, როგორც ცნობილია, მისი სიცოცხლე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, დაე, ნათელში იყოს ქაქუცას სული და მის ოჯახს კი გამძლეობას ვუსურვებთ!“ – აღნიშნულია ემიგრანტების განცხადებაში.
ნიუ იორკში, სტეიტენ-აილენდის მახლობლად, სავარაუდოდ, იმ მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც გასულ სამშაბათს Verrazzano-Narrows-ს ხიდიდან გადავარდა. ამის შესახებ გამოცემა silive.com წყაროზე დაყრდნობით წერს.
საუბარია 27 წლის მამაკაცზე, რომელიც სტეიტენ-აილენდზე ცხოვრობდა. წყაროს ცნობით, დაახლოებით გამთენიისას, 6:25 საათზე ხიდის ქვეშ მიტოვებული მანქანა ნახეს. პოლიციის პრესსპიკერმს განაცხადა, რომ სიკვდილის ზუსტ მიზეზს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.
“ამბების” ინფორმაციით, ქაქუცა კლდიაშვილს ამერიკაში დაკრძალავენ. გარდაცვლილს მეუღლე და ერთი ქალიშვილი დარჩა. ამერიკაში ცხოვრობს ქაქუცა კლდიაშვილის დედაც.