ნინო ჯანგირაშვილი: თუ თქვენ აზარტული თამაშები აბსოლუტურ ბოროტებად მიგაჩნიათ, მაშინ ეს უნდა აიკრძალოს ამ ქვეყანაში და ახლავე და არა რამდენიმე თვის შემდეგ …
უკვე ხვალ თუ 1-ელი მარტიდან, საქართველოს ათიათასობით მოქალაქე წავა უცხოურ საიტებზე. ეს სფერო ადგილზე გადავა კრიმინალური სამყაროს ხელში. ატირებული დედები, რომლითაც ხშირად სპეკულირებენ, კიდევ უფრო ატირებულები იქნებიან – ამის შესახებ ტელეკომპანია „კავკასიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო ჯანგირაშვილმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას აღნიშნა.
როგორც ჯანგირაშვილმა განაცხადა, რეკლამის აკრძალვა კი გამოიწვევს იმას, რომ კიდევ უფრო დაუცველები იქნებიან ბავშვები.
– “თუ თქვენ აზარტული თამაშები აბსოლუტურ ბოროტებად მიგაჩნიათ, მაშინ ეს უნდა აიკრძალოს ამ ქვეყანაში და ახლავე, ზეგვე და არა რამდენიმე თვის შემდეგ. არის ქვეყნები, სადაც ეს საერთოდ აკრძალული და კრიმინალიზებულია, სადაც იჭერენ აზარტული თამაშებისთვის. მაშინ მივბაძოთ ამ ქვეყნებს, რა პრობლემაა, მაგრამ ასეთ ქვეყნებში ქვეყნის პირველი პირები წინასაარჩევნო დაპირებებში კაზინოს მშენებლობით არ გამოდიან. თუ შეიძლება დავამატო არგუმენტები და ისე არ გამოვიდეს, რომ ჩვენ ატირებული დედების ყურება გვიხარია და თქვენ ცდილობთ რაღაც არასწორად მოიპოვოთ მორალური უპირატესობა. ეს ასე არ არის! ამის უფლებას არ მოგცემთ! ჩვენ წარმოვადგინეთ ცვლილებები, რომელიც არ მოგვიგონია. მოვძებნეთ ისეთი ქვეყანა, რომელსაც ჩვენ რეგულირების თვალსაზრისით კონსერვატიულობაში ვერც კი გავეჯიბრებით, ეს არის ბრიტანეთი. სამწუხაროა, რომ ბრიტანეთის საიტზე წავიკითხე ის არგუმენტები, მონაცემები, დისკუსიები, კვლევები, რაც საქართველოს პარლამენტის საიტზე უნდა იდოს, მაგრამ არ დევს. ამიტომ გადმოვიღეთ და გთავაზობთ ასეთ რამეს – მარტამდე გადავადება არაფერს ცვლის აბსოლუტურად, ჩვენ გთავაზობთ იმ რეგულაციების გამოყენებას, რომელიც არის ბრიტანეთში. წარმოდგენილი გვაქვს. თუ ჩვენ ვირჩევთ გზას, რომ ვავიწროვებთ აზარტულ თამაშებს, მაშინ ბოლომდე უნდა შევავიწროვოთ. ის, რომ რამდენიმე თვის შემდეგ ამოქმედდება საბანკო ტრანზაქციებზე რაღაც რეგულაციები, ამ პრობლემას ვერ მოხსნის. უკვე ხვალ თუ 1-ელი მარტიდან ათიათასობით საქართველოს მოქალაქე წავა უცხოურ საიტებზე. ეს სფერო ადგილზე გადავა კრიმინალური სამყაროს ხელში. ატირებული დედები, რომლითაც ხშირად სპეკულირებენ, კიდევ უფრო ატირებულები იქნებიან.
მე მახსოვს ის დრო, როცა არც აზარტული თამაშების დაწესებულებები არსებობდა და არც ლიცენზიები გაიცემოდა, მაგრამ დედები ატირებულები იყვნენ, იმიტომ, რომ მათი შვილები კრიმინალურ სამყაროსთან აგებდნენ თამაშს. კრიმინალური სამყარო აიძულებდა მათ სახლების გაყიდვას.
რატომ არის დღეს რეკლამის დატოვება აუცილებელი? რეკლამის აკრძალვა გამოიწვევს იმას, რომ კიდევ უფრო დაუცველები იქნებიან ბავშვები. როგორღაც ეს სფერო ჩადგა კალაპოტში, გამოჩნდნენ ბავშვები, რომლებმაც რაღაც ტიპის პასუხისმგებლობები აიღეს. თქვენ კი არ კრძალავთ, უბრალოდ დასავლური და უცხოური საიტებისკენ გადაგყავთ ადამიანი. ნუ დაარქმევთ ამას, რომ ებრძვით ლუდომანიას“ – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.
წყარო: ptn.ge