ქალბატონი ტიკარაძე, მიშას უსტარი ირინა სარიშვილს და “ნაცების” აქცია სტალინისა და მიშას დაბადების დღეზე

ტიკარაძე წავიდაო, მედიამ გააჟღერა და არც არსად წასულა, წლის ბოლომდე შეგვრჩა ხახვივით (ოღონდ – არა არჩევნებზე დარიგებულივით). დარჩენას წასვლა რომ სჯობდა, ეს ცხადია, მით უფრო მაშინ, როცა ონლაინქოცმპოსტავებმა ქალბატონ მინისტრზე, ვფიქრობ, მესიჯბოქსის მისვლამდე დაიწყეს წერა:

“არც აქამდე მოგვწონდა ეგ ანტივაქსერი ქალი”, “დააგვიანა წასვლა, რამდენი ადამიანი ემსხვერპლა მაგის უუნარობას”, “ექიმები დაუფასებელი არიან ან რას დააფასებდა ეგ სადღაც დიპლომაღებული ქალი”… მერე კი აიღეს უშველებელი საშლელი და შალეს თავიანთი ნაბჟუტურევი, მაგრამ – რაღა დროის!

ახლა კი გაერთიანებულ სამეფოს უნდა გადავწვდე და, რატომ ვაკეთებ ამას, პოსტსკრიპტუმში ნახავთ. პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, გაერთიანებულ სამეფოში დადასტურდა “ომიკრონით” გარდაცვალების პირველი შემთხვევა და ამიტომ დროულად, ბუსტერ-დოზები უნდა დავიწყოთ, დღიური ნორმა 1 მილიონი უნდა იყოსო და ეს კონსერვატორი ბრიტანელები ვაქცინაზე დახამებულებივით ეტაკნენ რეგისტრაციას! სწორედ მაგის გამო შეფერხებაც ყოფილა ვებგვერდზე და იქაური ტიკარაძეც გაულანძღავთ, ჯონსონიც მიუყოლებიათ თავისი ქოჩრითურთ! ჩვენთან კი ამ დროს, როცა ათეულობით ადამიანი გვეხოცება “კოვიდკლინიკებში”, ისევ მიხეილ სააკაშვილის თემაა ყველაზე აქტუალური. ნორვეგიის სამეფომ ამ წინასაახალწლოდ გაამკაცრა ზომები, სტუმრებიც არ შეუშვათ სახლშიო და, ჩვენთან, 21 დეკემბერს, სტალინის, მიშასა და ირაკლი ალასანიას დაბადების დღეს მრავალათასიანი აქციის მოწყობას გეგმავს ნიკანორ მელია! მართალია, არც ტორტი გაიჭრება, არც სანთლების ჩაქრობაზე იქნება სულის ბერვა, მაგრამ “კოვიდის” გავრცელებაზე ხსნილი იქნება და კი მოგვიწევს საშობაოდ ცხედრების თვლა!

არ ვიცი, ვინ დარჩა საქართველოში “ნაციონალური მოძრაობის” ისეთი ერთგული, რომელიც თავსა და ოჯახს საფრთხის ქვეშ დააყენებს სააკაშვილის ერთგულებისთვის და კიდევ ერთი სანუკვარი მიზნის მიღწევისთვის – ირინა სარიშვილის 800 000-იან მოპროტესტე ლაშქარში ჩაირიცხოს უანგარო მიშისტად! ეს ის ირინაა, ადრე რომ მიშამ გვარიანად გამოლანძღა და ახლა ისე შეუყვარდათ ერთმანეთი, უსტარიც კი უძღვნა მიშამ საკნიდან თუ პალატიდან (ნეტავ გამაგებინა, ციხეშია ეგ კაცი თუ საავადმყოფოში, კარცერ-ლუქსში თუ საკონფერენციო დარბაზში, წარამარა რომ მოძღვრავს თავის მრევლს!). ირინა, ეს ირონიაა თუ ნამდვილი სიყვარული, ოღონდაც აგვიხსენი მერე, ცოტა დრო რომ გავა!ვიდრე მიშა დესტრუქციაზე ოცნებობს და ირინა – უთვალავკაციანი მიტინგის სპიკერობაზე, მანამდე “ნაციონალურმა მოძრაობამ” დიდი ეროვნული შემორიგების იდეა შემოგვთავაზა. მიშა გამოუშვითო, ხელისუფლება დაგვითმეთო და არ ახსენოთ, რომ იმ ცხრა წელში დანაშაულებს ჩავდიოდითო! “პიჯაკების საქმე” მხოლოდ პიჯაკებზე გაჩერდესო, დანაშაული კიდევ – შეცდომად ჩაგვითვალონო! განა არ იციან სახარებისეული ჰუმანიზმი, ქრისტემ მიუტევა ყველას ყველაფერი და მიშას რად ვერ აპატიებთო?!. აი, კობახიძემ კი მიუგო “ნაცებს”, ჯერ აღიარეთ ყველაფერი და მერე შეგირიგდებითო! ორივე მხარე ნელსონ მანდელობას იჩემებს და მოწინააღმდეგეს აპარტეიდობას სწამებს, ოღონდ 2012 წლამდე “ნაცები” იყვნენ “აპარტეიდი”, 2012 წლის შემდეგ – “ქოცები” თურმე. სწორი გითხრათ, ასეთი მაღალი შეფასება და თვითშეფასებაც ამ ორი პარტიის კლინიკურ მდგომარეობაზე მიგვითითებს, მაგრამ ვინ ჰყავს მკურნალი ან ერთ მხარეს, ან მეორეს?! აბა, ახლა მითხარით, მიშა რომ იბარებს თავისთან სალომესა და გიორგი მარგველაშვილს, დავსხდეთ და ვისაუბროთო, კიდევ რა გნებავთ, ბატონო? მეგი გოცირიძე მიაგზავნე სალომესთან და იმ ლანძღვის ნიაღვრის ნაცვლად აძახებინე: “სალომე, შეგვიწყალე! სალომე, შეგვიწყალე! სალომე, შეგვიწყალე!” იქნებ და, კი გადმოხედოს ღმერთმა ქვეყანას, მიშამ დანაშაული აღიაროს, მერე მიესაჯოს, უფრო მერე – სანიმუშო პატიმრობის გამო, დანაშაულაღიარებულმა კი მიიღოს სალომესგან თუ არა, მისი შემდგომისგან შეწყალება!

პ.ს. დიდი შეტევა მიდის ბორის ჯონსონზე და კონსერვატორულმა პარტიამ, – მისი გადადგომა უნდა მოითხოვოთო. მიზეზი კი იცით, რა არის? ბატონი ჯონსონის მიერ “კოვიდრეგულაციების” შესაძლო დარღვევა! გამოქვეყნდა სურათი, რომელზეც ბორისი ჩანს თავის კოლეგებთან ერთად, ოთახში, პირბადის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ის თავს იმართლებს, ოფისში ვიყავი, “ქუიზიც” ონლაინ მიმდინარეობდაო, მაინც ადანაშაულებენ წესის დარღვევაში. წინანდლის ახლანდელი თავშეყრა გამახსენდა და კრამიტით ღვინის სმა…