“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის პრეზიდენტის ჩართულობით მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება, “ნაციონალური მოძრაობა” ჩაერთვება და “შესაძლებლობების ფარგლებში ამ პროცესს წაახალისებს”. ამის შესახებ მელიამ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.
მან ასევე განმარტა, თუ რატომ არ მივიდა”ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტის სასახლში დღეს გამართულ ღონისძიებაზე. მელიას თქმით, მან წინასწარ გაარკვია დღევანდელი შეხვედრის ფორმატის შესახებ და მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ფორმატი დიალოგის შესაძლებლობას არ იძლეოდა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეს პრეზიდენტის სასახლეში არ მისულიყო.
“ვინაიდან დღევანდელი შეხვედრა რაიმე ტიპის დიალოგს და მის შესაძლებლობას გამორიცხავდა, საახალწლო საღამოსგან შევიკავეთ თავი, რადგან არ გვინდოდა ვყოფილიყავით იქ. მე პირადად არ მინდოდა დღეს იქ ყოფნა, ეს ჩემი გულწრფელი პოზიციაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემდგომში, როდესაც უკვე საგნობრივი საკითხების განხილვა დაიწყება იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რაზეც ქალბატონმა ზურაბიშვილმა ისაუბრა რამდენიმე დღის წინ, ჩვენ არ დავესწრებით. პირიქით, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ამ პროცესს წავახალისებთ.
სხვა საკითხია, რამდენად შედეგზე გამსვლელია ეს პროცესი, რომელიც დაიწყება, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველამ ერთად უნდა ვუგულშემატკივროთ ამ პროცესს. რა და რამდენად გამოვა, ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მე პირადად, მეგობრებთან ერთად, შემდგომ შეხვედრებში ჩავერთვები”, – განაცხადა მელიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ფიქრობს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრები უახლოეს დღეებში გაიმართება, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობაც” მიიღებს მონაწილეობას.
ამასთან, მელიამ “საინტერესეოდ” შეაფასა ზურაბიშვილის გამოსვლა და თქვა, რომ პრეზიდენტმა საკუთარი გამოსვლით ქვეყანაში კრიზისის არსებობა აღიარა.
დღეს, 16 დეკემბერს ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ოპოზიციის ნაწილი, ასევე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები.
“დროა, გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და უფრო დამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე გადავიდეთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.
პრეზიდენტმა თქვა, რომ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესი ქვეყნის შიგნიდან უნდა იმართოს და ეს უნდა იყოს “ქართული პროცესი”. მისი თქმით, ეს იქნება “ეროვნული თანხმობის პროცესი”, რომელიც იქნება ხანგრძლივი.
“ნეტგაზეთი”