თუ ზურაბიშვილის შემოთავაზება ნიშნავს, რომ ჩვენ პოლიტიკურმა გუნდმა ვაპატიოთ სააკაშვილს და ციხიდან გამოვუშვათ, ეს მიუღებელია!
თუ ზურაბიშვილის შემოთავაზება ნიშნავს, რომ ჩვენ პოლიტიკურმა გუნდმა ვაპატიოთ სააკაშვილს და ციხიდან გამოვუშვათ, ეს მიუღებელია – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის ინიციატივას შერიგების პროცესის დაწყებაზე.
ზარქუას თქმით, ეს არის მისი პოზიცია, რომელსაც ალბათ, გუნდის სხვა წევრებიც ეთანხმებიან. ამასთან, ზარქუა აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ ასე ესმის შერიგება.
– “როგორ შეიძლება ქართველი ადამიანი შერიგების წინააღმდეგი იყოს. ჩვენი მრწამსი, ქრისტიანობა, კულტურა სწორედ შემწყნარებლობაზე, შენდობაზე და განსხვავებული აზრის პატივისცემაზე დგას. „ნაციონალურ მოძრაობას“ შერიგება ჰგონია, რომ ის რაც ხდებოდა, უნდა დავივიწყოთ და მიშა გამოვუშვათ ციხიდან. ეს არ არის სწორი დეფინიცია, არც სამართლიანი დეფინიცია შერიგების. არასწორად ესმით შერიგების დეფინიცია. მე ასე მესმის, რომ იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობას ატერორებდნენ, მწვალებლობა, მთელი ამბები იყო, ვსხედვართ კომიტეტებში, გვაქვს სჯა-ბაასი და რიგ შემთხვევებში მათ ინიციატივებსაც კი მხარს ვუჭერთ. ამიტომ ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ არ გვჭირდება შერიგება, მოსახლეობის უმრავლესობასთან სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ შერიგება. მე შერიგება არ მესმის ისე, რომ სააკაშვილი უნდა გამოუშვათ ციხიდან. თუ შერიგების თემა გადის იმაზე, რომ სააკაშვილი უნდა გამოვუშვათ, ჩემთვის მიუღებელია. ჩემთვის მისაღებია, რომ გამოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“, აღიაროს დანაშაული, ელაპარაკოს საზოგადოებას, ეს არის და ეს, თორემ მე პირადად შესარიგებელი არაფერი მაქვს, არც მოსახლეობასთან, რადგან მერვე არჩევნებს ჩემი პარტია და ჩემი გუნდი იგებს, აგებს „ნაციონალური მოძრაობა“. ეს იმას ნიშნავს, რომ არ მიიღო სააკაშვილის დეფინიცია მოსახლეობამ, რომ შეცდომა იყო. შეცდომა კი არ იყო, დანაშაულები იყო ჩადენილი და ამის აღიარება არ უნდათ. გიზუსტებთ: თუ ზურაბიშვილის შემოთავაზება ნიშნავს, რომ ჩვენ პოლიტიკურმა გუნდმა ვაპატიოთ სააკაშვილს და ციხიდან გამოვუშვათ, ეს მიუღებელია ჩემთვის” – განაცხადა ზარქუამ.
წყარო: itv.ge