კობახიძე: ჩვენ ხალხთან შესარიგებელი არაფერი გვაქვს!
ჩვენ ხალხთან შესარიგებელი არაფერი არ გვაქვს, ჩვენ ვართ შერიგებულიც და მანდატიც გვაქვს ძალიან მყარი ხალხისგან, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან, რომელიც არის განდგომილი ხალხისგან, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას, ეროვნული თანხმობა ხელისუფლების პრიორიტეტებში შედის თუ არა.
ამასთან, კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყველა უნდა შეუერთდეს საპარლამენტო სამუშაო პროცესს.
„ჩვენ ვართ შერიგებული ჩვენ ხალხთან, განსხვავებით ოპოზიციისგან, შესაბამისად ჩვენ ვზრუნავთ ხალხზე. დღეს პრემიერს ანგარიში ეხებოდა ხალხის და ქვეყნის საჭიროებებზე ზრუნვას, იმას თუ როგორ უნდა იზრუნო ხალხზე, სახელმწიფოზე, ქვეყანაზე. ჩვენ ხალხთან შესარიგებელი არაფერი არ გვაქვს, ჩვენ ვართ შერიგებულიც და მანდატიც გვაქვს ძალიან მყარი ხალხისგან, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან, რომელიც არის განდგომილი ხალხისგან.
რაც შეეხება ოპოზიციას და მასთან ურთიერთობას, ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და გზავნილი. გზავნილი არის ის, რომ ყველა უნდა შეუერთდეს საპარლამენტო სამუშაო პროცესს და ჩაერთოს ამ პროცესში. ოპოზიცია უნდა იყოს ჩართული ყველა პროცესში. ეს მათზეა დამოკიდებული. თუ ისინი გამოავლენენ სათანადო ნებისყოფას და დამოკიდებულებას პროცესების მიმართ, ჩაერთვებიან იმ პროცესებში, რაზეც დღეს საუბრობდა მათ შორის პრემიერი, ეს იქნებოდა მათთვის და ქვეყნისთვის კარგი“,- განაცხადა კობახიძემ.
წყარო: newposts.ge