“სააკაშვილი დასავლეთისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე ივანიშვილი” – დავით ზურაბიშვილი

სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2013 წლის 17 მაისს სახელმწიფომ ლგბტ იდენტობის მქონე ადამიანების უფლებები დაარღვია თავისი უმოქმედობით და სახელმწიფოს 193.500 ევროს გადახდა დააკისრა. ამ მოვლენების დროს შს მინისტრის პოსტს დღევანდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა და სწორედ მას ევალებოდა ადამიანების უსაფრთხოება.

„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ვისთვისაც 17 მაისი დანაშაული იყო, იმის თვალში ღარიბაშვილი რეიტინგული ფიგურა ისედაც არ არის. ვისთვისაც დანაშაული არ იყო, მათთვის ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ სტრასბურის სასამართლოში ნაცებმა გაიმარჯვეს. შიგნით არაფერი არ იცვლება.

– ქვეყანა ამ ნაწილშიც ნაცებად და ქოცებად იყოფა?

– ქვეყანა არ იყოფა, უბრალოდ, თავად ყოფენ, ვინც ამ ორი პარტიის მომხრეა. ეს გადაწყვეტილება შეიძლება ბიძინა ივანიშვილისთვის იყოს რაღაცა ნიშანი, რომ იქნებ ხომ არ ჯობდეს, გამოცვალოს და სხვა დააყენოს.

– აქვს ხოლმე ივანიშვილისთვის ასეთ ფაქტებს მნიშვნელობა?

– რა თქმა უნდა. მართლა კრემლის აგენტი კი არ არის, როგორც ამას ნაცები ამბობენ. ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ამერიკის დამოკიდებულება. მას ძალიან ეშინია დასავლეთის, ისევე, როგორც ეშინია პუტინის. მისი მიზანია, რომ არც ერთი არ აწუხებდეს.

– თუ ეშინია, რატომ არ მიდის მოლაპარაკებაზე ოპოზიციასთან, როცა ამას დასავლეთი ითხოვს?

– იმიტომ, რომ ხედავს, დასავლეთი არ ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. დასავლეთისთვის არ არის მისაღები სააკაშვილი, როგორც ივანიშვილის ალტერნატივა. ამ დროს ზოგჯერ არასწორ დასკვნებს აკეთებენ ხელისუფლებაში და „დაუკრეფავში“ გადადიან. ამ დროს დასავლეთი ხელებში ურტყამს და აგრძნობინებს, რომ ზედმეტი მოუვიდათ. რაღაც დონემდე ბევრ რაღაცას პატიობს დასავლეთი სწორედ იმიტომ, რომ სააკაშვილია მისი ალტერნატივა, რომელიც უფრო სახიფათოდ ითვლება დასავლეთისთვის, ვიდრე ივანიშვილი.

სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ. ამას პირდაპირ არავინ ეტყვის არც ნაცმოძრაობას და არც „ოცნებას“, მაგრამ ასეა.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა