მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ის ხასიათდება მერყეობით. ზოგიერთი პარამეტრი უმჯობესდება, მაგრამ ეს არის ხანმოკლე გაუმჯობესება, რადგან მერე ისევ უარესდება. სხვადასხვა პარამეტრები ერთმანეთს კვეთენ, ერთი უმჯობესდება მეორე უარესდება, ეს არის არასტაბილურობის მაჩვენებელი – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ ჟურნალისტებს გორის ჰოსპიტალში განუცხადა, სადაც მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ნევროლოგიურ სტატუსშიც ცვლილებები აქვს.
– “გარდა ამისა, აღვნიშნავდი, რომ მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მისი მდგომარეობა, მე მგონი, სერიოზულად გაუარესებულია. ამისათვის ჩვენ მოვითხოვეთ ენდოკრინოლოგ-გასტროენტეროლოგისა და ნუტრიციოლოგის განმეორებითი კონსულტაცია. ეს შეიძლება რამდენიმე დღის წინ არ იყო, მაგრამ ახლა, სახეზეა. ამიტომ, ამ მხრივ მისი მდგომარეობა ვიტყოდი, რომ უარესდება კიდეც“ – აცხადებს ოთარ თოიძე.
გარდა ამისა, ოთარ თოიძის განმარტებით, „ემპათიის“ ექიმები აპირებენ შეხვდნენ სხვა კონსილიუმის ექიმებსაც.
– “დამეთანხმებიან კოლეგები, რომ მდგომარეობა სერიოზულია ის, პირველ რიგში, სტაბილიზაციას საჭიროებს და მეორე – სასწრაფო და გადაუდებელ მკურნალობას, რომელიც ასეთ რთულ პაციენტს ძალიან სჭირდება“ – აცხადებს ოთარ თოიძე.
წყარო: itv.ge