პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლის საფუძველზეც აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება.
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლის საფუძველზეც აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება.
პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები 82-ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო. ცვლილებები კიდევ შვიდ კანონში აისახა.
პროექტით, აზარტული თამაშებისთვის მინიმალურ ასაკობრივი ცენზი 25 წლამდე იზრდება. ამასთან, საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველ პირებს აზარტული თამაშის უფლება აეკრძალება – მმართველი გუნდის ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვა 1-მილიონამდე მოქალაქეზე გავრცელდება.
პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტის თანახმად, კანონში თამაშობებზე დამოკიდებული პირის ცნება შემოდის. განისაზღვრა დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემების შეტანის წესები და ვადები. პირს შესაძლებლობა ექნება საკუთარი განცხადების საფუძველზე, დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემების შეტანა მოითხოვოს. ასევე, მისი ოჯახის წევრიც უფლებამოსილი იქნება, სასამართლოს წესით პირის მონაცემების რეესტრში შეტანა მოითხოვოს.
დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიას შემოსავლების სამსახურის აწარმოებს. პირის დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანა ხუთი წლის ვადით მოხდება.
ამავე პროექტით, ქართული საგადასახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნით, ონლაინ-გადახდები იკრძალება. პროექტით, ყველა საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.
აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება – შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება.
გარდა ამისა, აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და მათი ორგანიზატორების შესახებ რეკლამის გავრცელება შეიზღუდება. აკრძალვები შემოდის სატელევიზიო რეკლამის ნაწილში – პროექტის საბოლოო რედაქციით, სატელევიზიო ეთერში რეკლამა, სასპონსორო განცხადება და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება იკრძალება.
ახალი რეგულაციები 2022 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.
წყარო: newposts.ge