ნიკა მელიამ შიმშილობა დაიწყო

ჯერჯერობით, უცნობია, თუ ვინ ჩაერთვება იმ მასობრივ შიმშილობაში, რომელიც პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დააანონსა.

მელია შიმშილობს, ლიდერთა ნაწილი შიმშილობაზე უარს ამბობს, ზოგიც, შიმშილს ჩანაცვლების საჭიროებისას აპირებს.

„დავიწყეთ მასობრივი, უვადო, საპროტესტო შიმშილობა, რომელმაც ტყვეები უნდა იხსნას რეჟიმისგან. ამ ეტაპზე, ამ უმწვავესი, არაძალადობრივი პროტესტით, დარწმუნებული ვარ, კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ“, – აცხადებს ნიკა მელია.

გიგი უგულავა, რომელიც შიმშილობას ჯერ არ უერთდება, ამბობს, რომ, როდესაც მოშიმშილე ადამიანი ცუდად გახდება, მას სხვა ჩაენაცვლება.

„ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ეს ყველაფერი 3 დღეში, 4 დღეში ან 1 კვირაში დასრულდება. შეიძლება, ეს თვეები გაგრძელდეს. ამ ეტაპზე, მე არ ვუერთდები, ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები მაქვს, კოვიდი ცოტა ხნის წინ მოვიხადე და კიდევ არის სხვადასხვა პრობლემა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შიმშილობა არ ამცდება“, – აცხადებს გიგი უგულავა.

ხატია დეკანოიძე გამოცხადებულ შიმშილობას „თავგანწირვის აქტს“ უწოდებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ თავგანწირვის აქტს ბევრი ადამიანი შემოუერთდება. ამ ეტაპზე, მე არ ვაპირებ. კონკრეტულად გვჭირდება ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იბრძოლებენ. მესმის და ძალიან ვაფასებ ნიკა მელიას გადაწყვეტილებას“, – ამბობს ის.

„შიმშილობენ ის ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობა არ აქვთ დაზიანებული“, – აღნიშნავს რომან გოცირიძე.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, შიმშილობის დაწყების არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა.

„პირიქით, თუ თქვენ გახსოვთ, როდესაც სხვები შიმშილობას იწყებდნენ, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება ყოველთვის იყო, რომ შეეწყვიტათ შიმშილობა და ის მარტო განაგრძობდა ამ ფორმით ბრძოლა. ჩვენ მივიღეთ პარტიაში ეს გადაწყვეტილება“, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდემასობრივი შიმშილობის დაწყება 21 დეკემბერს გამოაცხადა.

 

“იმედინიუსი”