5 ივლისს “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებული 3 პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
ინფორმაცია “მთავარი არხის” ვებგვერდს საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს. სამივე ბრალდებულს 5 000-5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარში” 5 ივლისს ვერ შედგა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი რუსთაველზე პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს.
რადიკალური ჯგუფები ასევე “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ, სცადეს მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისის დარბევაც. მოძალადეების მთავარი სამიზნე გახდა მედია. სცემეს 50-ზე მეტი ჟურნალისტს. სწორედ “სირცხვილიას” ოფისთან გაუსწორდნენ სასტიკად “ტვ პირველის” ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, რომელიც 11 ივლისს, დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახა.
ბრალდებულებს სასამართლომ ლგბტ თემის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია აუკრძალა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქმის პროკურორმა ნათია გურულმა განუცხადა.
როგორც პროკურორი განმარტავს, ისინი დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმებას არ ეთანხმებოდნენ, ვინაიდან ბრალდების მხარის აზრით, მხოლოდ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფდა ბრალდებულებიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებას.
„მოსამართლე 2 თვეში ერთხელ ვალდებულია თავისი ინიციატივით გადასინჯოს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების საკითხი თუკი, ბრალდებულების მიმართ პატიმრობაა გამოყენებული, ამ შემთხვევაში, ვინაიდან გიორგი ელისბარაშვილს, გიორგი ოძელაშვილსა და ალიკა ალაზოვს შეფარდებული ჰქონდათ პატიმრობა, მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
ბრალდების მხარე გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა, დაცვის მხარე არ დაეთანხმა ჩვენ პოზიციას და ითხოვა აღკვეთის ღონისძიება მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლილიყო, ან საერთოდ გაუქმებულიყო. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეულ ბრალდებულს გამოყენებული პატიმრობა 5.000-5.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლოდათ. ბრალდებულებს დამატებითი ვალდებულების სახით დაეკისრათ პასპორტის ჩამორთმევა, პოლიციაში კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება და ასევე ლგბტ თემის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია აუკრძალა, რათა რაიმე ფორმის ზემოქმედებას არ ჰქონდეს ადგილი.
ჩვენ არ ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, – განაცხადა გურულმა.
ბრალდების მხარეს სამივე პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.