ვითარების ტრაგიზმზე მიუთითებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლია ნებისმიერ გზაზე წავიდეს, თუნდაც, გამოიყენოს „ფეიკ” მღვდელი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
ვითარების ტრაგიზმზე მიუთითებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლია ნებისმიერ გზაზე წავიდეს, თუნდაც, გამოიყენოს “ფეიკ” მღვდელი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მას უნახავს სასულიერო პირის ფორმაში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც დახმარებას ითხოვენ და ეს გამაღიზიანებელი არაა, მაგრამ როცა “ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოებას ატყუებს, რომ სასულიერო პირია მათთან ერთად, ეს მიუთითებს ვითარების ტრაგიზმზე.
– “არსებობენ, მე მინახავს ქუჩაში ვიღაცები ანაფორაში და ფულს თხოულობენ, ვითომ მანქანა გაუფუჭდათ და ეკლესიის მიმართ პატივისცემა განაპირობებდა, რომ ადამიანები დახმარებოდნენ. არც ეს არის ცუდი და დიდად გამაღიზიანებელი, უბრალოდ, სასაცილოა, მაგრამ როცა ამ რესურსს კონკრეტული პოლიტიკური ძალა იყენებს და საზოგადოებას ატყუებს, რომ სასულიერო პირია მათთან ერთად მით უმეტეს, შიმშილობაში, ასეთ ცოდვაში ჩადგა ფეხი მათთან ერთად, ეს ვითარების ტრაგიზმზე მიუთითებს, რომ ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას შეუძლია, რომ ნებისმიერ გზაზე წავიდეს, თუნდაც, გამოიყენოს “ფეიკ” მღვდელი თავის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად,”- განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისათვის, აღნიშნულ საკითხზე განცხადება საპატრიარქომ გაავრცელა.
“ინტერნეტსივრცეში აქტიურად ვრცელდება კადრები მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელი „სასულიერო პირის“ – რამინ თარაშვილის შესახებ, რომელიც აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და სასულიერო პირისათვის შეუსაბამო განცხადებებს ავრცელებს. საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ რამინ თარაშვილი არ ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა დასს,”- აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: itv.ge