დავითულიანი ტრანსპორტზე: ხშირ მომხმარებელს უიაფდება, რადგან ყიდულობს გრძელვადიან აბონემენტს და ყველა შემთხვევაში გამოსდის იაფი.
„გრძელვადიან სისტემას მიჩვეულები არ არიან და აღიქვეს, რომ თითქოს უძვირდებათ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ცვლილებაზე საუბრისას.
მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იაფდება მათთვის, ვინც ხშირად მგზავვრობს. „დღეს ყველა მიჩვეულია იმ სისტემას, რომლითაც ყველა ვსარგებლობთ, ეს არის ერთჯერადი გადახდა. ადამიანები აღიქვამენ მოცემულობას ისე, როგორც მიჩვეულები არიან – მათ ჩათვალეს, რომ ერთჯერადად მგზავრობენ რაღაც X თანხაში, მაგალითად, 50 თეთრად, და დღეს მოუწევთ 1 ლარის გადახდა იგივე ოპერაციაში, გრძელვადიან სისტემას მიჩვეულები არ არიან და აღიქვეს, რომ თითქოს უძვირდებათ, მაგრამ ვინც ყოველდღიურად ტრანსპორტით იმგზავრებს და ყოველდღიურად მოიხმარს, მისთვის ეს არ ძვირდება, ხოლო ვისაც გრძელვადიანი აბონიმენტის ყიდვის საშუალება არ აქვს, ყველა ასეთი შესაძლო ჯგუფი გათვალისწინებულია შეღავათიან პროგრამებში“, – განაცხადა დავითულიანმა. დეპუტატი „სპეკულაციას“ უწოდებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურზე საუბრისას „ხალხის გაჭირვებაზე“ ყურადღების გამახვილებას, რადგან ასეთი ჯგუფებისთვის შეღავათიანი პროგრამები მოქმედებს.
– „ხშირ მომხმარებელს უიაფდება, რადგან ყიდულობს გრძელვადიან აბონიმენტს და ყველა შემთხვევაში გამოსდის იაფი, 3 ტრანსპორტის ცვლილება ვისაც სჭირდება, მას ცალსახად იაფი გამოსდის. ვინც თუნდაც ერთი ტრანსპორტით მგზავრობს, გრძელვადიან აბონიმენტს იყიდის და გამოსდის იაფი და მერე ამ საკითხზეც თუ მოდის სპეკულირება, რომ – „აი, ხალხს უჭირს და რა თქმა უნდა, ხალხს უჭირს, მაგრამ … ისეთ ჯგუფებს, რომელსაც გრძელვადიანი აბონიმენტის ყიდვა არ შეუძლია, მაგრამ ყოველდღიურად საქმიანობენ და გადიან სახლიდან, ტრანსპორტი სჭირდებათ – ყველა ასეთი ჯგუფი მოცულია შეღავათებში, სრულიად უფასოდ სარგებლობენ ან 10-თეთრიანი და 20-თეთრიანი ტარიფებით“ – განაცხადა დავითულიანმა.
მერიას საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის ულიმიტო სააბონემენტო სისტემა შემოაქვს. თებერვლიდან მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე სხვადასხვა ტიპის აბონემენტი. აბონემენტების ფასი ხანგრძლივობის მიხედვით სხვადასხვაა, თუმცა ერჯერადი მგზავრობის შემთხვევაში მგაზვრობის ღირებულება ერთი ლარი ხდება.
სააბონენტო სისტემის პაკეტები ამგვარადაა განფასებული:
1. 90-წუთიანი ბარათი – 1 ლ.
2. ერთდღიანი ბარათი – 3 ლ.
3. ერთკვირიანი ბარათი – 20 ლ.
4. ერთთვიანი ბარათი – 40 ლ.
5. სამთვიანი ბარათი – 100 ლ.
6. ექვსთვიანი ბარათი – 150 ლ.
7. ერთწლიანი ბარათი – 250 ლ.
წყარო: newposts.ge