„ბოდიში დაგვიანებისთვის“: ქართულმა ფილმმა ფესტივალზე „მოსკოვური პრემიერა“ გრან-პრი მიიღო

მოსკოვში თანამეგობრობის ქვეყნების კინოს III საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა.
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. ქართველი რეჟისორის ლუკა ბერაძის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „ბოდიში დაგვიანებისთვის“ ფესტივალზე „მოსკოვური პრემიერა“ გრან-პრი მიიღო, აცნობეს Sputnik–საქართველოს ფესტივალის ორგანიზატორებმა.
თანამეგობრობის ქვეყნების კინოს III საერთაშორისო ფესტივალი „მოსკოვური პრემიერა“ რუსეთის დედაქალაქში 2021 წლის 17–21 დეკემბერს გაიმართა.
ჟიურის სპეციალური პრიზი „თხრობის დახვეწილი მანერისთვის“ მიიღო უზბეკი რეჟისორის შერზოდ ნაზაროვის ფილმმა „აბრეშუმის გზაზე“, ჯილდო „ბავშვობის უნიკალური სამყაროს ხორცშესხმისთვის“ – ყაზახი რეჟისორის ელდიარ მადაკიმის ფილმმა „სალვადორ დალი“.
ფესტივალის ფარგლებში სულ წარმოდგენილი იყო 85 ფილმი, გაიმართა 50-ზე მეტი სეანსი და თემატური ღონისძიება. კინოსეანსების ფინანსური მხარდამჭერი იყო რუსეთის კულტურის სამინისტრო და დსთ-ის ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი ფონდი.
ბერაძის ფილმი „ბოდიში დაგვიანებისთვის“ რეალურ მოვლენებზე მოგვითხრობს. სიუჟეტის მიხედვით, ადამიანი იღუპება სასწრაფო დახმარების დაგვიანების გამო. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის ნათესავებსა და სასწრაფო დახმარების ექიმებს შორის დაპირისპირება იწყება. მოკლემეტრაჟიანი ფილმი პირველად ბაკურიანში გამართულ კინოფორუმზე აჩვენეს, სადაც ჟიურის შექება დაიმსახურა. ფილმის მსოფლიო პრემიერა კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.